“რამბოლის” რეკომენდაცია-თბილისის ცენტრსა და აეროპორტს შორის შესაძლოა, მატარებელმა იმოძრაოს

80-გვერდიანი დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია "რამბოლმა", აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

“რამბოლის” რეკომენდაცია-თბილისის ცენტრსა და აეროპორტს შორის შესაძლოა, მატარებელმა იმოძრაოს

კონკრეტულად დოკუმენტში საუბარია, სამგზავრო სარკინიგზო ხაზის განვითარებაზე.

„ის, რომ არსებული სარკინიგზო ხაზი უკვე აკავშირებს თბილისს ახლომდებარე ქალაქებთან, როგორც ჩრდილოეთით ასევე სამხრეთით და აქვს სადგურების პლატფორმები თბილისის მთავარ სატრანსპორტო კვანძებზე (სადგურის მოედანი, ისანი და დიდუბე) იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი უკვე მოწყობილია მაღალი სიხშირის სამგზავრო სარკინიგზო მომსახურებისთვის.

ასეთი მომსახურებით შესაძლოა მიმდებარე ქალაქების და თუნდაც საერთაშორისო აეროპორტის თბილისის ცენტრთან დაკავშირება. გრძელვადიან პერსპექტივაში, სარკინიგზო კავშირები შეიძლება აშენდეს მთავარი სარკინიგზო ხაზიდან თბილისის სხვა სწრაფად განვითარებად უბნებამდე, მათ შორის დიდ დიღომში.

შემოთავაზებული სამგზავრო სარკინიგზო სისტემა მომსახურებას განახორციელებს თბილისის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს შორის, თბილისსა და რუსთავსა და თბილისსა და მცხეთას შორის. რკინიგზის სადგური სადგურის მოედანზე მთავარი გადასაჯდომი კვანძი იქნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია მცხეთასა და რუსთავს შორის პირდაპირ გადაადგილება და მომსახურების მცხეთის დასავლეთით მდებარე ისეთ ქალაქებში გავრცელება, როგორიცაა კასპი და გორი.

შემოთავაზებულ სამგზავრო სარკინიგზო ქსელის ძირითადი ელემენტებია:

არსებული ინფრასტრუქტურის განახლება: არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განახლება, ლიანდაგის, სიგნალიზაციის, წევის სიმძლავრისა და სხვა სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით

სადგურები: ახალი და/ან გარემონტებული სადგურები ბევრ ახალ გარეუბანში

ახალი მატარებლები: ახალი მოძრავი შემადგენლობის შესყიდვა, რომელიც შეეფერება სამგზავრო სარკინიგზო მომსახურებას – სასურველია ელექტრომატარებელები (EMUs)

დეპო: ახალი დეპო და ტექნიკური საშუალებები

თბილისის აეროპორტიდან რუსთავამდე: პოტენციური ახალი სარკინიგზო კავშირი თბილისის აეროპორტსა და რუსთავს შორის

დიდი დიღომი: პოტენციური ახალი სარკინიგზო კავშირი დიდ დიღომთან.

მიუხედავად იმისა, რომ სამგზავრო სარკინიგზო სისტემის მშენებლობა და ექსპლუატაცია საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის ქმედებაა, მოსამზადებელი სამუშაოები უფრო ადრე უნდა დაიწყოს. საჭიროა წინასწარი განხილვები TUDA- სა და „საქართველოს რკინიგზას“ შორის ასეთი სერვისის დანერგვის ყველა პრაქტიკული, ოპერაციული და ფინანსური შედეგების თაობაზე. შესამუშავებელია ინსტიტუციური და კომერციული მოწყობა, იურიდიული და მარეგულირებელი მოდელის ჩათვლით, სადაც დადგინდება თუ ვინ აფინანსებს და მართავს სისტემას, როგორ განისაზღვრება ლიანდაგზე წვდომის საფასური და მიღებული შემოსავალი ნაწილდება ყველა მხარეს შორის. ამას შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდეს,“ – აღნიშნულია გეგმაში.