ნოემბრის თვის უძრავი ქონების შეჯამება- რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში და რომელი იყო ყველაზე მოთხოვნადი უბანი

Galt&Taggart - ი ნოემბრის თვის უძრავი ქონების მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2023 წლის ნოემბერში თბილისში 3,300 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.9% და თვიურად 0.8%-იანი კლებაა.

ნოემბრის თვის უძრავი ქონების შეჯამება- რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში და რომელი იყო ყველაზე მოთხოვნადი უბანი

კვლევის მიხედვით, ნოემბერში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში, საბურთალოზე და სამგორში გაიყიდა, ყველაზე ნაკლები კი მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და ვაშლიჯვარში.

„ნოემბერში, წინა თვეების მსგავსად, ყველაზე მცირედით ბინების გაყიდვებმა პირველად ბაზარზე იკლო (-6.1% წ/წ), ხოლო, მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 21.4%-ით შემცირდა. მეორად ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი ვარდნა სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან.

2023 წლის ნოემბერში ბინების გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ ნაძალადევისა და დიდუბის რაიონებში, რაც უპირატესად გამოწვეულია პირველად ბაზარზე გაზრდილი გაყიდვებით. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 – 1,800) წილის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით. ჯამურად 2023 წლის 11 თვეში გაიყიდა 36,283 ბინა, რაც წლიურად 7.3% კლებაა (მიზეზი რეკორდულად მაღალი ბაზაა).

თუმცა, ეს მაჩვენებელი წარმოადგენს 12.0%-იან ზრდას 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რაც მიუთითებს ისევ მდგრად მოთხოვნაზე უძრავი ქონების სექტორში“, – ნათქვამია მიმოხილვაში.