ბეტონის კედლებს ამოფარებული სპორტის სასახლე
საქართველოს დიდ ქალაქებში, ქაოტური განაშენიანების ბუმი 2000 წლიდან იწყება.
საქართველოს დიდ ქალაქებში, ქაოტური განაშენიანების ბუმი 2000 წლიდან იწყება. შენობების ისტორიული ნაწილის ნგრევა ან ფასადის ევრორემონტი, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი ფაქტები გახდა, ამას მოჰყვა რეკრეაციული სივრცეების განადგურება და ბეტონის ფილებით ჩანაცვლება.
დეველოპერების დაინტერესება ქალაქის ცენტრალური უბნების მიმართ, დიდი ეკონომიური სარგებლის მიღების მიზნით გაიზარდა. მთავრობასთან შეთანხმებული ვითომდა განვითარების მიზნით, მშენებლობებმა ჩვენი დედაქალაქის საუკეთესო ადგილებს დაღი დაასვა. ამის საუკეთესო მაგალითად, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია შეიძლება ჩაითვალოს – ტერიტორია, სადაც შეხვალ და გამოსვლა შეიძლება გაგიჭირდეს იმდენად ქაოტურადაა განაშენიანებული.
ახლადშექმნილ, მაღალი სიმჭიდროვის მქონე უბანში, საფეხმავლო სივრცეებიც კი აღარ დარჩა, ისინი ძირითადად ავტომობილებმა დაიკავეს. დეველოპერებს არც სხვა ბიზნეს-წრეები ჩამორჩნენ და მოედანზე არსებულ სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ სივრცეებს, გზებს, ტროტუარებს თუ სკვერებს, პირადი მოგების მიზნით, ეტაპობრივად დაეპატრონნენ. მოგების სურვილი თურმე იმდენად დიდი აღმოჩნდა, ყველას დაავიწყდა, რომ ამ ადგილას ჩვენი დედაქალაქის უნიკალური შენობა დგას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ შენობად შეიძლება ჩაითვალოს.
არქიტექტორების, იური კასრაძისა და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის პროექტით აგებული შენობა – სპორტის სასახლე საბურთალოზე, იმ დროს სწრაფად მზარდ, ახალ უბანში 1961 წელს საზეიმოდ გაიხსნა. მის გარშემო იყო დიდი, გამწვანებული სივრცე და 400 მანქანის გასაჩერებელი ავტოსადგომი. თბილისის სპორტის სასახლის დაპროექტება “თბილქალაქპროექტში” 1956 წელს დაიწყო.
გარედან სპორტის სასახლე ჰორიზონტალურ, მძიმე მოცულობად აღიქმება. ის რამდენიმე საფეხურით ამაღლებულ სტილობატზე დგას. გარე კედლები ეკლარის ღია ფერის ქვითაა მოპირკეთებული. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს გუმბათი 5-თაღიან, მონუმენტურ გარე კედლებს ეყრდნობა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს – ის შიდა პერიმეტრზე განლაგებულ მზიდ კედლებს უჭირავს, თაღებით კი შემოსაზღვრულია ნახევრად ღია გალერეები შესასვლელებით, რომელიც სამი მხრიდან სასახლის ინტერიერსა და ქალაქს შორის გარდამავალ სივრცეს ქმნის. მეოთხე, უკანა ფასადზე ადმინისტრაციისა და დამხმარე სათავსების შესასვლელებია. ოთხივე კუთხეში კიბეებია მოთავსებული.
გეგმაში კვადრატული შენობის ზომებია 83×83 მეტრი. გეგმა მარტივი და ფუნქციურია. დარბაზის ცენტრში, ვესტიბიულთან შედარებით 3.75 მეტრით დადაბლებულ დონეზე 25×45 მეტრი ზომის მართკუთხა სპორტული მოედანია მოთავსებული, რომელიც სპორტის სახეობის საჭიროებისამებრ, ტრანსფორმაციას განიცდის. ტრიბუნების ქვეშ მცირე სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები, ბუფეტები, მსაჯებისა და მწვრთნელების ოთახები, დამხმარე სათავსები, ექიმის კაბინეტი და თამბაქოს მოსაწევი ოთახიც კი იყო დაგეგმილი. მოედანს ოთხივე მხარეს 10 000 მაყურებლისთვის განკუთვნილი ტრიბუნები აქვს. ამის გარდა, დამატებით, 2 000 მაყურებლის განთავსება ზედა დონის შემოსავლელ გალერეაზეა შესაძლებელი. შიდა კიბეებისა და შესასვლელების სქემა დარბაზის 10-12 წუთში დაცლას ითვალისწინებს.
დიდი განსხვავებაა შენობის ექსტერიერსა და დარბაზის ინტერიერის გრანდიოზულ სივრცეს შორის. მისი სიმაღლე სპორტული მოედნის დონიდან გუმბათის შიდა გარსამდე 35 მეტრს აღწევს. ზედა დონის შემოსავლელი გალერეა გახსნილია დარბაზისკენ, გარე კედელზე მას ფრიზივით ფანჯრების სამი ჰორიზონტალური რიგი შემოუყვება, საიდანაც დღის სინათლე დარბაზშიც აღწევს და ეს სინათლის სარტყელი გუმბათის უზრმაზარ ნახევარსფეროს თითქოს ჰაერში იტაცებს.
სპორტის სასახლის ცენტრალური ნაწილი გადაიხურა დავით ქაჯაიას მიერ შემუშავებული ანაკრები რკინაბეტონის გარსული კონსტრუქციით. გუმბათის დიამეტრი 76 მეტრია, ხოლო ამაღლების ისარი – 12.8 მეტრი. ის შედგება 480 ცალი წინასწარ დამზადებული ფილისაგან, რომლებიც 10-კონცენტრულ წრედ არის აწყობილი. ცენტრში დატოვებულია 13 მეტრი დიამტრის ღიობი, რომელიც განიავებისთვის გამოიყენება.
ასაწყობ ფილას გეგმაში ტრაპეციის ფორმა აქვს. ის რადიალურ ჭრილში საფეხურით შუაზეა გაყოფილი და აქვს ორი თარო ორ სხვადასხვა სიბრტყეში. აწყობილ მდგომარეობაში ქვედა თარო გუმბათის შიდა ზედაპირს ქმნის, ზედა კი – გარეს. ფილა შეიძლება იყოს ნეკნებიანი ან გლუვი. მისი წონა ორიდან ოთხ ტონამდე მერყეობს. სპორტის სასახლის გუმბათი დამონტაჟებულია ორი 5-ტონიანი ამწის მეშვეობით, საყრდენი ხარაჩოების გარეშე, 28 სამუშაო დღეში – 1960 წლის 11 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე.
ასაწყობ ფილას გეგმაში ტრაპეციის ფორმა აქვს. ის რადიალურ ჭრილში საფეხურით შუაზეა გაყოფილი და აქვს ორი თარო ორ სხვადასხვა სიბრტყეში. აწყობილ მდგომარეობაში ქვედა თარო გუმბათის შიდა ზედაპირს ქმნის, ზედა კი – გარეს. ფილა შეიძლება იყოს ნეკნებიანი ან გლუვი. მისი წონა ორიდან ოთხ ტონამდე მერყეობს. სპორტის სასახლის გუმბათი დამონტაჟებულია ორი 5-ტონიანი ამწის მეშვეობით, საყრდენი ხარაჩოების გარეშე, 28 სამუშაო დღეში – 1960 წლის 11 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე.
დავით ქაჯაიას არა მხოლოდ ამ გარსის კონსტრუქციისთვის, არამედ მისი მონტაჟის მეთოდისთვისაც საავტორო უფლება აქვს მინიჭებული.
მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო 1958 წლის ნოემბერში, თუმცა ეს ვერ მოხერხდა მრავალი წინააღმდეგობის გამო, რაც სხვა მიზეზთა შორის, ქაჯაიას გუმბათის კონსტრუქციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა ექსპერტებმა გამოიწვიეს. მშენებლობის პროცესი დაწყებული იყო, მაგრამ დავა გუმბათთან დაკავშირებით ორწელიწადნახევარი გრძელდებოდა. ქაჯაიას არ მისცეს სპორტის სასახლის გადახურვის უფლება, სანამ გუმბათის იგივე პრინციპი უფრო პატარა ზომის შენობაზე არ გამოაცდევინეს – ასე მიიღო თბილისმა საჩუქრად დამატებითი, მოგვიანებით ფიგურული სრიალისთვის აღჭურვილი სპორტული დარბაზი.
დღეს ამ უნიკალურ შენობას, უამრავი მახინჯი მონსტრი დაჰყურებს თავს და მათ გარემოცვაში თითქმის აღარ ჩანს. ამას ფოტოფაქტებიც ადასტურებს:
სპორტის სასახლის უკან თავიდან ყაზარმები და ბარაკები იყო. შემდეგ აკადემქალაქის გეგმა შემუშავდა. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და აკადემქალაქში დღემდე აგებულ შენობებს უამრავი რამ შეეწირა. არა მხოლოდ სპორტის სასახლის არქიტექტურული იმიჯი, არამედ მწვანე ნარგავები, რეკრეაციული ზონები. აკადემქალაქში ინსტიტუტებს შეგნებულად აუქმებდნენ, რომ შენობები საკუთარი ინტერესებისამებრ გამოეყენებინათ.
აკადემქალაქის ძველი იერსახე დღეს, ფაქტიურად, განადგურებულია, აღარაფერი დარჩა იმ სასიამოვნო გარემოდან, რაც იყო და ჯერ კიდევ გვახსოვს. აკადემქალაქი იყო ინტერნაციონალური არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუში, სრულად გააზრებული გარემოთი, შესაბამისი შენობებითა და სიმწვანით.