საფრთხის შემცველი ზონები თბილისში და ვაშლიჯვრის მასშტაბური განაშენიანება
წლების წინ გეოლოგებმა თბილისში არსებული ტერიტორიები დაასახელეს, რომელიც სტიქიის დროს რეალურ საფრთხეებს წარმოადგენდა.
წლების წინ გეოლოგებმა თბილისში არსებული ტერიტორიები დაასახელეს, რომელიც სტიქიის დროს რეალურ საფრთხეებს წარმოადგენდა. მათი განცხადებით, მეწყერსაშიში ზონებია, მთაწმინდის ფერდობები, რომელიც ვაკისკენ, მთაწმინდის რაიონისა და სოლოლაკისკენ ჩამოდის. ასევე, მეწყერსაშიში ზონაა მახათას მთისკენაც, ლოტკინის მხარეს და ასევე, გლდანისკენ, სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ, რომლის მთელი ფერდობი მოძრავი ფენებისაგან შედგება. ამასთან, გლდანის მეშვიდე მ/რ-ს ზევით არის ახალი სასაფლაო, რომელიც ასევე მეწყერსაშიში ზონაა.
მეწყერსაშიში ზონაა მუხათგვერდისკენ არსებული ფერდობებიც, რომელიც სულ იმეწყრება. გეოლოგების განმარტებით, მეწყერის საშიშროება წვიმაზეა დამოკიდებული, ხოლო ნალექი თუ 1 საათში 30 მმ-ზე მეტი მოდის, ის უკვე კატასტროფულად ითვლება.
მდინარე ვერეს ადიდების ასევე, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან, მთის ფერდზე გაჩენილი ნაპრალის შემდეგ, მეწყერსაშიში ზონების საკითხი თბილისში კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
ვაშლიჯვარი – ყოფილი სოფელი, თბილისს 1972 წელს შეუერთდა. საბურთალოს რაიონში არსებული უბანი, 1980-იან და 1990-იან წლებში, რთულ რელიეფზე, დიდი ქანობებით დაგეგმარდა და გაშენდა. ამ ტერიტორიაზე, რთული რელიეფიდან გამომდინარე, საცხოვრებელი რაიონის მშენებლობის თავისებურების კარგად გააზრება მაშინვე პრიორიტეტული გახდა, რაც თბილისის პირობებში ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. 1970 წლების განაშენიანების ფონზე, აქ საცხოვრებელი სახლები ბევრად უფო ნაკლები იყო ვიდრე სხვა უბნებში, რელიეფის სირთულიდან გამომდინარე, ფერდობს ხომ თავისებური სპეციპიკით ათვისება სჭირდებოდა.
2021 წლის 17 მარტს, ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანდა, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფოტოების გავრცელებამდე, დილით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა. ამასთან კალაძემ აღნიშნა, რომ დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები უკვე ჩართულნი იყვნენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე “გარკვეული მოქმედებების გამო” მეწყრული პროცესი გააქტიურდა.
სპეციალისტები საგანგაშო დასკვნებს დებდნენ. მათი ნაწილი გარდაუვალ ტრაგედიაზე საუბრობდა, ზოგიერთი პროგნოზირებისგან თავს იკავებდა.
„დიდი ხნის წინ ამ ტერიტორიაზე ვაკე იყო. შემდეგ ის გეოლოგიურად აღზევდა და სერი წარმოქმნა. ეს მასა სუსტად შეცემენტებული, ფხვიერი მასალისგან შედგება. ვიდრე ადამიანი ჩაერეოდა, ამ ზონაში წონასწორობის შენარჩუნება ხერხდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გზა გაიყვანეს, მშენებლობები დაიწყეს, გამოუთხარეს ძირი, ჩაჭრეს, წონასწორობა დაირღვა და ამან მოახდინა მეწყრული პროცესების პროვოცირება. სამშენებლო ნებართვის წამყვანი კომპონენტია საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა. ახლა უნდა გამოიძიონ ამ ადგილზე მშენებლობების გამართვა რომელმა გეოლოგმა მიიჩნია დასაშვებად. ვინც გასცა ასეთი გეოლოგიური დასკვნა, იმან უნდა აგოს პასუხი, ახლა რაც მოხდება იმაზე. ამ ფერდობს მიდრეკილება აქვს მეწყრული პროცესებისკენ და არის არაწონასწორ მდგომარეობაში, ამიტომ აქ სამშნებელო ნებართვები არ უნდა გაცემულიყო“, – აცხადებდა გეოლოგი ჭიჭიკო ჯანელიძე.
„ეს არის მერიის არქიტექტურის სამსახურის პასუხისმგებლობა მთლიანად. იმის ბრალია, რომ მერიას არასწორი სამშენებლო პოლიტიკა აქვს და მშენებლობის ნებართვებს გასცემს ყველაფრის უგულვებელყოფით. ქვეყანაში რომ რეგულაციები არ არსებობს, იმის შედეგია ეს. ახლაც მიმდინარეობს აქ რაღაც სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. დაძრულია, დაახლოებით, ნახევარი მილიონი კუბი მიწა და მეწყერს აწი ვერაფერი შეაჩერებს. ახლა დასათვლელია მასშტაბები. რა მასშტაბის საფრთხე ემუქრება ქალაქს, ამის შეფასება უნდა მოხდეს”, – ამბობდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე
„ეს საკმაოდ რთული მეწყერი გახლავთ. ბოლომდე დადასტურებულად შეუძლებელია იმის თქმა, აღნიშნული პრობლემა რამ გამოიწვია. თუმცა, სავარაუდოდ, პროვოცირება გამოიწვია იმან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო. როგორც ერთი შეხედვით ჩანს, საკმაოდ დიდი მიწის ფართობია დაძრული, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაჩერება ასე მარტივად შეუძლებელია, რადგან ამ ფართობს ვერ მოჭრი და ვერ მოაცილებ, რადგან ღრმა მეწყერია. ნაპრალების სიღრმე თუ აქამდე 12 მეტრი იყო, ახლა 16-20 მეტრამდეა ჩასული. აღნიშნული ტერიტორიის ზედა ნაწილში, ახალი ნაპრალები გაჩნდა. ეს არის ერთიანი სისტემა და არ გამოვრიცხავ რომ კიდევ გაჩნდეს ახალი ნაპრალები. წვიმიანი ამინდი კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროცესების დაჩქარებას. წინასწარ პროგნოზირებას როდის რა მოხდება, ვერავინ გააკეთებს. აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ რა ტიპის მეწყერია. უნდა მოხდეს მოდელირება და ამის შემდეგ დაიგეგმოს ღონისძიებები თუ როგორ შეიძლება შევარბილოთ ისე, რომ არ დავზარალდეთ. ერთი სიტყვით, საკმაოდ რთული მდგომარეობაა და იმედი მაქვს, მისი შესწავლის შემდეგ, აუცილებელ ღონისძიებებს დაგეგმავენ“, – აღნიშნავდა „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე.
2021 წლის სექტემბერში, დედაქალაქის მერმა, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ვაშლიჯვრის ფერდზე არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ მეწყრულ ზონაში, ფერდის სტაბილიზაციისათვის საპრევენციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო ფერდზე დამონტაჟებული მონიტორინგის თანამედროვე სისტემა პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს.
„როდესაც მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღვადგინეთ, მაშინ საზოგადოებას ვაცნობე, რომ დარჩენილი იყო ფერდის გამაგრების სამუშაოების მცირე ნაწილი. დღეს მინდა გაცნობოთ, რომ ფერდის გამაგრება მთლიანად დასრულებულია. ამ ხნის განმავლობაში, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა მეწყრულ ზონაში: დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, იგივე გაკეთდა შეშელიძის ქუჩაზეც და მიმდინარეობს დაკვირვების რეჟიმი; ფერდიდან მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა; შეიქმნა ე.წ. წინაღობები; გაკეთდა ჭაბურღილები და განხორციელდა ცემენტაცია, ასევე, გამოყენებული იქნა ანკერები, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ეს ფერდი. გადაადგილების თვალსაზრისით, დიდი ხანია, უსაფრთხოა. ამჟამად, მიმდინარეობს ფერდის გამწვანების სამუშაოები. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რათა ფერდისთვის წყლის არიდება მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბოლო წლებში, ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, სრულიად განსხვავებული არქიტექტურით დაიწყო.
რა ხდება დღეს? – ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. Kalaki.ge ცხრა მიმდინარე მშენებლობებიდან წარმოგიდგენთ რამდენიმეს.
საცხოვრებელი სახლი „Homeberg Gelovani“-ს მშენებლობა ბროწეულას ქუჩის N2-ში მიმდინარეობს. 7 სართულიანია კომპლექსი 30 ბინისაგან შედგება. ამ ეტაპზე გასაყიდად დარჩენილი ბინები 2 და 3-ოთახიანია, რომელთა ფართები 67,2-დან 81,2 კვადრატული მეტრამდეა. აქ წარმოდგენილი ბინა მომხმარებელს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ბარდება. 1 კვ.მ.-ის ფასი კი 1000 დოლარიდან იწყება.
პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის N5ა-ში „Tower Gelovani” შენდება. 14-სართულიან კომპლექსში ბინების რაოდენობა 65-ს შეადგენს, ფართები 45,2-დან 97,6 კვადრატულ მეტრამდეა. საცხოვრებელ კომპლექსში ბინები მომხმარებელს მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება. 1 კვ.მ-ის ფასი კი 950 დოლარიდან იწყება.
მუხრან მაჭავარიანის ქ. N32-ში „Abeka Hill“-ი მდებარეობს. 15-სართულიანი სახლი მიწისზედა და მიწისქვედა პარკინგით, 48 ბინას მოიცავს, ჭერის სიმაღლე კი 3 მეტრია. ბინის ფართები 33,2–106,3 კვადრატული მეტრია. 1 კვ.მ-ის ფასი 1000 დოლარიდან იწყება.
ვასო გოძიაშვილის ქ. 63-ში 3 შენობისაგან შემდგარი „Comfort Hills“-ი მდებარეობს. 14-სართულიან შენობაში, ბინების რაოდენობა 488-ს შეადგენს. კომპლექსში ბინების ფართები 51,2 დან 173,6 კვადრატულ მეტრამდეა. 1 კვ.მ-ის ფასი 900 დოლარიდან იწყება.
ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ „City View“ შენდება. 8-სართულიანი შენობა 35 ბინისაგან შედგება, რომელთა ფართებიც 41,7დან 98 კვადრატამდეა. 1 კვ.მ-ის ფასი კი 1100 დოლარიდან იწყება.
რამდენად მისაღებია არსებული შენობების მშენებლობა მაშინ, როდესაც სულ ცოტა ხნის წინ განგაში იყო ატეხილი და ამის რეალური საფუძველი ნამდვილად გვქონდა.