უნებართვოდ აშენებულ საცხოვრებლებზე ამინისტიაა?-ვის და როგორ შეეხება ახალი დადგენილება
ახალი პროექტის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან გააჟღერა.
დღეისათვის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მიეთითება, რომ შენობა-ნაგებობა სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშეა.
ახალი დადგენილების მიხედვით, უნებართვოდ აშენებულ შენობებს მოქალაქეები ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლის გარეშე დაარეგისტრირებენ, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს საჯარო რეესტრში და შეძლებენ საკუთრების უფლების სრულად რეალიზებას. ამნისტიის კანონი არ იმოქმედებს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე. მათი რეგისტრაციისათვის კვლავ საჭირო იქნება კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არსებობა.
„ჩვენი ხელისუფლება არის ორიენტირებული ადამიანის ღირსებასა და მისგან მომდინარე ყველა უფლებაზე და, შესაბამისად, საკუთრების უფლების სრული მასშტაბით უზრუნველსაყოფად, ასევე, უკანონო მშენებლობიდან მომდინარე რისკების ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ შევიმუშავეთ ამნისტიის პროექტი, რაც წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მილიონზე მეტი უკანონოდ აშენებული შენობაა, რომელთა უმეტესობა დედაქალაქშია.