გაიზრდება თუ არა უძრავ ქონებაზე ფასები წელს და რა მოლოდინები აქვთ დარგის ექსპერტებს
მიმდინარე წლის განმავლობაში უძრავ ქონებაზე ფასები 3-5%-ის ფარგლებში გაიზრდება, ასეთია დეველოპერული კომპანიების ნაწილის, წინასწარი პროგნოზი.
მედია საშუალება BMG-ისთან გაკეთებულ კომენტარში „მონოლით ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, თორნიკე მაისურაძე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინები მცირედით მომდევნო თვეებში გაძვირდება.
„უძრავ ქონებაზე წელს ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ ველოდებით, ბუნებრივი ზრდა იქნება 3-5 %-ის ფარგლებში. გაზაფხულიდან, ალბათ აპრილიდან დაიწყებს უძრავი ქონება გაძვირებას და ველოდებით, რომ წლის განმავლობაში სწორედ ამ ფარგლებში დაკორექტირდება ფასები. ეს რაიმე კონკრეტულ ფაქტორებს არ უკავშირდება და განპირობებულია ისეთი ბუნებრივი მიზეზებით, როგორიცაა ბაზარზე მოთხოვნა, სამშენებლო მასალებზე ფასების ცვალებადობა და შრომის ბაზარზე კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტი.
უძრავ ქონებაზე მიგრაციის ეფექტი უკვე ამოიწურა და დასტაბილურდა. მიგრანტების შემოდინება უძრავი ქონების ბაზრისთვის გარკვეულწილად წამახალისებელი იყო, თუმცა ამას გადატრიალება არ მოუხდენია. წელს ამ მიმართულებით ბაზარზე გავლენას აღარ ველოდებით“, – განაცხადა თორნიკე მაისურაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საშენ მასალებზე ფასები ცვალებადია ხოლო შრომით ბაზარზე კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია.