როდის დასრულდება მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი და რა განცხადებას აკეთებს მერის მოადგილე წერეთლის გამზირზე
იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. დარჩება მხოლოდ მცირე სახის სამუშაოები. მოძრაობა კი, შეუფერხებლად განახლდება-ეს განცხადება დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ბენდელიანმა გააკეთა.
რატომ გაჭიანურდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია? და რატომ შეიცვალა ვადები? ეს იყო ჟურნალისტების ერთ-ერთი მთავარი კითხვა ირაკლი ბენდელიანის მიმართ რაზეც მან უპასუხა, რომ საავტომობილო მოძრაობა წერეთელზე იანვრის ბოლოდან აღდგება.
“როგორც პროექტის დასაწყისში იყო ნათქვამი, იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები, თუმცა ძირითადი ნაწილი დასრულდება. მოძრაობა ამ გამზირზე შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მშენებლობას, ზუსტად იანვრის თვის ბოლოს, ხიდი უკვე მთლიანად იქნება აშენებული. დარჩენილი იქნება ტექნიკური დეტალები, რომელიც თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება. აქაც გადაადგილება სრულად იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.