თბილისში 3 გამორჩეული ქართული არქიტექტურული პროექტი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს-როგორ გამოიყურებოდა და როგორია ახლა
თბილისის არქიტექტურას დიდი ისტორია აქვს, თითოეული მათგანი დედაქალაქისთვის განსაკუთრებულია, თუმცა ამჯერად წარმოგიდგენთ 3 ისტორიულ ობიექტს: თბილისის საკრებულოს, თბილისის საბაგიროსა და დინამო არენას. როგორ გამოიყურებოდა დიდი ხნის წინ და როგორია ახლა სამივე მათგანი. დედაქალაქის ძველ ნაწილში ერთ-ერთი გამორჩეული ძველი არქიტექტურული პროექტი თბილისის საკრებულოა, რომელმაც შეძლო ძველი იერ-სახის შენარჩუნება.
XIX საუკუნის 40-იან წლებში თბილისის საკრებულოს ადგილას , საქალაქო პოლიციის შენობა იდგა, რომელიც სრულად შეცვალეს და გადააკეთეს. საბოლოო სახე ნაგებობამ 1912 წელს მიიღო და მან დღემდე უცვლელად მოაღწია (მას მხოლოდ მცირე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა). პროექტის გეგმარება თბილისში მოღვაწე რუს არქიტექტორს, ალექსანდრე ოზოროვს ეკუთვნის, ფასადის ავტორად კი გერმანელი არქიტექტორი, პაულ შტერნი სახელდება.
ასევე ძველ თბილისშია, საბაგირო სადგური, რომელიც 1953-1958 წლებში აშენდა. იმ დროისთვის შენობა განსაკუთრებულ როლს თამაშობდა, როგორც დედაქალაქის თანამედროვე არქიტექტურა. თბილისის საბაგიროს აღდგენითი სამუშაოები ამ დროისთვის დრძელდება და პირვლანდელი იერ-სახითა და ფუნქციით ზაფხულში გაიხსნება.
საბაგიროს სადგური რუსთაველის მოედანზე კლასიკურ-მონუმენტური სტილის არქიტექტურის ტიპურ მაგალითს წარმოადგენს . პროექტი მიხეილ ჩხიკვაძეს და კონსტანტინე ჩხეიძეს ეკუთვნის. უზარმაზარი, შემინული თაღების რიგს ზემოდან უფრო მცირე ზომის, მეორე, ღია თაღების რიგი ადგას, ხოლო ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებული ბოლნისის ტუფის ფერი ქვემოდან ზემოთ იცვლება, ღიავდება და ბოლოს თითქმის თეთრი ფერის არშიად იქცევა. მთაწმინდის საბაგირო გზის ქვედა სადგურის შენობა თბილისელთა თაობებისთვის მნიშვნელოვან ემოციურ დატვირთვას ატარებს.
კიდევ უფრო ადრე 1933 წელს დინამოს სტადიონის მშენებლობა დაიწყო, მისი არქიტექტორი არჩილ ქურდიანი იყო, მშენებლობა 1935 წელს დასრულდა. თავდაპირველად, არენის ოფიციალური ტევადობა 23 000 მაყურებლით განისაზღვრა. 1954 წელს ჩატარებული რეკონსტრუქციით მისი ტევადობა 36 00-მდე გაიზარდა, ხოლო რამდენიმე წელში კვლავ ჩატარებული რეკონსტრუქციით ტევადობა 75 000-მდე გაიზარდა.