უხვმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა, დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისში, უხვმა ნალექმა დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა, განსაკუთრებით დაზარალდა გლდანისა და მუხიანის აგარაკებზე მცხოვრები მოსახლეობა. ძლიერმა წვიმამ მდინარე გლდანულას ადიდება გამოიწვია, რამაც ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელი ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა. დედაქალაქის მერია სტიქიის შედეგებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში.
განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.

რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევის და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს.

ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.