ქართველი სკულპტორების ნამუშევრები დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში განთავსდება

თბილისის ქუჩებში მალე, თანამედროვე სკულპტორების ნამუშევრებს შეხვდებით. ქალაქის კონკრეტულ მოედნებზე, კონკრეტულ უბნებში შესაბამისი სივრცეები გამოიყოფა, სადაც ქართველი ხელოვანების ნამუშევრები განთავსდება.

ქართველი სკულპტორების ნამუშევრები დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში განთავსდება

პირველი სკულპტურა ავლაბარის მოედანზე განთავსდა. ნამუშევარი, სახელწოდებით „წინააღმდეგობა“ ბელგიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანს, დავით ნათიძეს ეკუთვნის.

დედაქალაქის მერიამ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი დაარსა, სწორედ ფონდის მიერ განთავსდა ძველ უბანში სკულპტურა.

“ქალაქის კონკრეტულ მოედნებზე, კონკრეტულ უბნებში გამოიყოფა შესაბამისი სივრცეები, სადაც ქართველების ნამუშევრები განთავსდება. გარდა ამისა, ვაპირებთ, რომ პარკებისთვის, იმ კონკრეტული პროექტებისთვის, რომელთა რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, მუნიციპალიტეტმა მსგავსი ნამუშევრები შეიძინოს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს, მისცემს კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობას და სტიმულს. ჩვენი მხრიდან მათ ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფონდი ცოტა ხნის წინ დაარსა და მას სრულიად აფინანსებს თბილისის მერია. მიმდინარე წელს კი ფონდმა რამდენიმე მსგავსი პროექტი განახორციელა.