თბილისში რამდენიმე ქუჩა სახელწოდებას შეიცვლის, ხოლო უსახელო ადგილებს შესაბამისი დასახლებები მიენიჭება

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩა სახელწოდებას შეიცვლის, ხოლო უსახელო ადგილებს შესაბამისი სახელები მიენიჭება.

“საბურთალოს რაიონში, 26 მაისის მოედანთან არსებულ უსახელო სკვერს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის აკაკი ჩხენკელის სახელი მიენიჭება.

ვაკის რაიონში, დაბა წყნეთში, მაია წყნეთელის II ჩიხს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, მამა-შვილის, ზურაბ და მამუკა ბეროძეების სახელი დაერქმევა.

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დავით ბატონიშვილის ქუჩის გაგრძელებასა და ქუჩასთან არსებულ ორ უსახელო შესახვევს დავით ბატონიშვილის I და II შესახვევი დაერქმევა.

დიდუბის რაიონში, ბათუმის შესახვევს ქორეოგრაფი რევაზ ჭოხონელიძის ქუჩის სახელი მიენიჭება.

ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, სოლომონ ავალიანის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ გასასვლელს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის – ემზარ გელანტიას სახელი დაერქმევა.

გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მონაკვეთს და გრიგოლ ხანძთელის I ჩიხს, სხვიტორის I შესახვევის სახელი მიენიჭება.

გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩის კიდევ ერთ მონაკვეთს ალექსანდრე მანაგაძის სახელი დაერქმევა.

გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩას გრიგოლ ხანძთელის სახელი მიენიჭება.

ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის I შესახვევის მონაკვეთს, გვაზაურის II გასასვლელის მონაკვეთს, მასთან არსებულ ჩიხებს და შესახვევს ფიზიკოსის, აკადემიკოს ალბერტ თავხელიძის სახელი დაერქმევა.

საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის III შესახვევს ისტორიკოსის, ფილოლოგ ზაზა ალექსიძის ქუჩის სახელი მიენიჭება.

ვაკის რაიონში, წყნეთში, დიმიტრი ამილახვარის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ნოდარ (ვეფხო) მათიაშვილის სახელი მიენიჭება.

ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩასთან მდებარე უსახელო სკვერს მუსიკოს ომარ კელაპტრიშვილის სახელი დაერქმევა.”

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ახლა თბილისის მერიამ 4 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.