დღევანდელი რეალობა – რა პირობებში უწევთ ცხოვრება სტუდენტებს
ვაკეში გავლისას ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ ჭავჭავაძის გამზირის N37-ში მდებარე ყოფილი სტუდქალაქის 3 ავარიული შენობა.
ვაკეში გავლისას ყურადღების მიღმა არ დაგრჩებათ ჭავჭავაძის გამზირის N37-ში მდებარე ყოფილი სტუდქალაქის 3 ავარიული შენობა. როგორ გადაურჩა ეს სამი ნაგებობა დემონტაჟს გაურკვეველია - ის ხომ ცათამბჯენებითაა გარშემორტყმული. დაინტერესებას ამ მიწის ნაკვეთის მიმართ არაერთი დეველოპერი გამოთქვამდა და გამოთქვამს, თუმცა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეთანხმება დღემდე ვერ შედგა.
გარდა რამდენიმე კერძო პირისა, ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე 32 წელია იძულებით გადაადგილებული პირები, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. ბევრი მათგანი ყველანაირი საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე, 12-კვადრატულ მეტრ ოთახებშია განთავსებული, თუმცა მათი გადმოცემით მოლაპარაკება დეველოპერებთან ძალიან ნელა მიმდინარეობს. აქ მაცხოვრებელი იძულებით გადაადგილებული პირების ნაწილი, დეველოპერების მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანახმაა, ნაწილი კი არა.
ერთ დროს ჭავჭავაძის N37-ში სტუდენტური ცხოვრება ჩქეფდა, თუმცა დღეს არსებული რეალობა ასეთია:
ამ გაპარტახებული შენობების შემხედვარე, ჩვენ დავინტერესდით ამდენი უმაღლესი სასწავლებლის მიღმა, რამდენს აქვს საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისათვის და რამდენად ხელსაყრელ ლოკაციებზეა ისინი განლაგებული? ასევე, სად ცხოვრობენ სტუდენტები აქვთ თუ არა მათ შესაბამისი პირობები ცხოვრებისათვის?
როგორც აღმოჩნდა, საერთო საცხოვრებელი სახელმწიფო სასწავლებლებიდან მხოლოდ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს – ერთი ბაგებში, ხოლო მეორე ლისზე.
თსუ-ს ბაგების საერთო საცხოვრებელი სტუდენტებისათვის წყნეთის გზატკეცილზე მდებარეობს. გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენებულ სტუდენტურ საცხოვრებელში ე.წ. კაპიტალური რემონტი არასდროს ჩატარებულა. ის ახლა სრულად ამორტიზებულია. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, გამოიკვეთა, რომ ამ შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია აზრს იყო მოკლებული. ერთადერთი, რაც ამ წლების განმავლობაში შენობაში მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა, ეს საერთო საპირფარეშოები, საშხაპეები, სამრეცხაო და კომპიუტერული ცენტრია.
396-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი კომპლექსი ორი, 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება. კამპუსში სასტუმროს ტიპის 2-ადგილიანი ბინებია განლაგებული, სადაც სტუდენტებისათვის ცხოვრების საფასური ყოველთვიურად 50 ლარს შეადგენს.
ბაგების საერთო საცხოვრებლისგან განსხვავებით, ლისზე არსებული სტუდქალაქი, ახალაშენებული და კეთილმოწყობილია. მისი მშენებლობა 2016 წელს დასრულდა და 2017 წელს გაიხსნა. კამპუსი მთლიანობაში 320 სტუდენტზეა გათვლილი. საერთო საცხოვრებელი კომპლექსი სამი 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება.
თვალჭრელიძის N11-ში მდებარე, ლისის საერთო საცხოვრებელში გათვალისწინებულია საზოგადოებრივი/ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე სავარჯიშო სივრცე, საკონფერენციო ოთახი, ონლაინ ბიბლიოთეკა, კომპიუტერული რესურსცენტრი, სამრეცხაო, სამზარეულო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს უქმნის.
საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის 2-ადგილიანი ბინებია. მათ შორის, ორი ოთახი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვისაა განკუთვნილი. ამასთან, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
სტუდენტებისთვის აქ ცხოვრების საფასური 150 ლარს შეადგენს.
გამომდინარე იქიდან, რომ ბაგების სართო საცხოვრებელი რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება, ლისის საერთო საცხოვრებელი კი ათასობით სტუდენტის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, 2017 წელს 3 000 სტუდენტზე გათვლილი, ახალი სტუდენტური საცხოვრებლის აშენება გადაწყდა. იმ დროს მოქმედმა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ კამპუსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდებოდა და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდებოდა. თუმცა, საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.
2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, თსუ-ის რექტორი ჯაბა სამუშია და კანცლერი ლაშა საღინაძე ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ინფორმაციის თანახმად, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს იკვეთება, რომ კომპანიამ გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც უმოკლეს დროში დაიწყება შიდა სარემონტო სამუშაოები. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტს, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსებული, 300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი ექნება. ახალი საერთო საცხოვრებელი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. შენობაში განთავსდება კვების ობიექტი, მოეწყობა სოციალური სივრცე, ბიბლიოთეკა, სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ამჟამად თბილისის მერიასთან შესაბამის დოკუმენტაციას ათანხმებს.
თსუ-ის რექტორმა კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვა, რომ მერიასთან უახლოეს პერიოდში აწარმოონ მოლაპარაკებები, რათა სამუშაოები რაც შეიძლება ადრე დაიწყონ. შეხვედრაზე ამავე დროს საუბარი შეეხო სამშენებლო სამუშაოების ვადაზე ადრე დასრულების შესაძლებლობას, რათა თსუ-ის სტუდენტებმა რაც შეიძლება მალე ისარგებლონ ახალი საერთო საცხოვრებლით.