ნარიყალას ციხესიმაგრე – წარსულის, აწმყოსა და მომავალის უწყვეტი ხაზი
ქალაქის „სავიზიტო ბარათი“ მდებარეობითა და იერსახით არ გამორჩება არც ქალაქის სტუმარსა და არც მასპინძელს.
ქალაქის „სავიზიტო ბარათი“ მდებარეობითა და იერსახით არ გამორჩება არც ქალაქის სტუმარსა და არც მასპინძელს. ის ყველა თბილისის ხედის ფოტოსურთში იქცევს ყურადღებას თავისი იერსახით, ამაყად გადმოყურებს თბილისს, რადგან წლების განმავლობაში იცავდა მის მკვიდრთ მტრების შემოსევებისა და აწიოკებისაგან. მისი არქიტექტურაც ალბათ სწორედ აქედან გამომდინარეა არსებულ ლანდშაფტთან შერწყმული, სწორი კუთხისა და რაკურსის მიგნებით, როგორც იქმნებოდა უამრავი და განუმეორებელი ქართული არქიტექტურა.
ციხესიმაგრე თითქმის თბილისის ყველა მხრიდან ჩანს, განსაკუთრებით კი მშვენიერია ღამით. ის გადაჰყურებს მტკვარს, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს გარემოს. შესაძლებელია ითქვას, რომ ჩვენი დედაქალაქი ნარიყალას გარეშე საკუთარ მახასიათებლებს ვერ შეინარჩუნებდა. ძველი თბილისის სიამაყე ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას და ეს მაშინ, როდესაც ვიგებთ, რომ 2020 წელს ნარიყალა ევროპაში განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 12 ძეგლს შორის მოხვდა.
სანამ ამ განუმეორებელი ადგილის რეაბილიტაციის შესახებ მოგითხრობდეთ, უძველესი დროის ციხესიმაგრის შესახებ ვისაუბროთ.
ნარიყალას ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც მოქცეულია თბილისის ორ უმნიშვნელოვანესს ადგილს: გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაა.
მისი აშენების შესახებ არც თუ ბევრი რამ არის ცნობილი, მხოლოდ ლეგენდებზე დაყრდნობით ციხე, ვახტანგ გორგასალის დაფუძნებულია.
ისტორიკოსების ერთ-ერთი ვერსიით, IV საუკუნეში მეფე ვარაზ-ბაკურს ციხესიმაგრე აუშენებია ამ ადგილას, რომელსაც შემდგომში სასანუდურ ირანს ჩაუგდია ხელში. ზოგიერთ ისტორიულ წყაროში ნარიყალას ციხესიმაგრეს “შურის ციხეს” უწოდებენ. ამავე ცნობებით, V საუკუნის შუა ხანებში ქართლის მეფეებმა ციხე დაიბრუნეს, VII საუკუნეში და მოგვიანებით კი დავით აღმაშენებლის მიერ მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ ანუ „მცირე ციხესიმაგრე“ დაარქვეს. რაც შეეხება დღემდე მოღწეულ ძირითად გამაგრებებს, ის XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება.
ქართულ წყაროებში ამ ადგილს ხშირად მოიხსენიებდნენ აგრეთვე “დედა ციხესიმაგრედ”. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.
ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და პატნეზებით (ბასტიონებით) გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის სახით.
XVII საუკუნემდე ციხის შიგნითა ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან განლაგებული ყოფილა „მეფის სასახლე“. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801 წ.) “დედაციხემ” დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა, რის გამოც იქ განთავსდა რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი. კერძოდ კი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყოფილა განთავსებული, რომელიც 1847 წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქდა.
ნარიყალა დღეს, თბილისის თავდაცვის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს და ეს ისტორიული ძეგლი, თბილისის ხუთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს შორისაა. ახლა კი როდესაც ძველი თბილისის სიამაყე საუკუნეები გვემსახურა, თითქოს გადმოგვყურებს და იძახის: „წლები გემსახურეთ და ახლა ცოტა თქვენც მომხედეთ“-ო. განუმეორებელი ქართული არქიტექტურა განახლების მოლოდინშია, ისეთი განახლების, რომელიც მას არ დააკარგვინებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის უწყვეტ ხაზს. ნარიყალა ისევ შეძლებს მისი მეშვეობით აღვიქვათ ქვეყნის სახე, თუ დროთა განმავლობაში როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა იგი. მისი რეაბილიტაციის შემდეგ, თითოეული ჩვენგანი ისევ შევძლებთ წარსულის შემოქმედებასთან კავშირის შეგრძნებას.
ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2017 წელს განხორციელდა. სამუშაოები “თბილისის განვითარების ფონდმა” 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ განახორციელა.
მაშინ თბილისის მერის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები პრიორიტეტული მიმართულება იქნებოდა.
„ეს ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია თითოეული ჩვენგანისთვის. ასევე, ტურისტებისთვის ერთ-ერთი სავიზიტო ადგილია დედაქალაქში და მისი კეთილმოწყობა, განვითარება ფუნქციურად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები იქნება, რომელშიც ძეგლები და ისტორიული შენობა-ნაგებობები შედის. ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია და რომელსაც მოვლა-პატრონობა, კეთილმოწყობა სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები ციტადელის აღმოსავლეთ კედელს ჩაუტარდა. ნარიყალას ტაძრის მიმდებარედ, 2-სართულიანი საერო სახლი აშენდა, ხოლო გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა ქვაფენილით მოპირკეთდა. ასევე, მთლიანად განახლდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ნარიყალას ციხე-სიმაგრის სარეაბილიტაციო პროექტი არქიტექტორ ტარიელ კიპაროიძის ავტორობით მომზადდა. ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დასრულდა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 715 000 ლარი დაიხარჯა.
პროცესი გაგრძელდა. ნარიყალას რეაბილიტაციის ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა 24 იანვარს გამოაცხადა, ტენდერის გამარჯვებული კი შპს „ინსი“ გახდა. კომპანია „ინსი” ვალდებულია, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პროცესში ყველა დეტალი პროექტის ავტორთან შეათანხმოს. პროექტის მიხედვით, რესტავრაციის დროს იმ მასალას გამოიყენებენ, რომლითაც ნარიყალას ციხეა ნაგები.
აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი 2-წლიანია და რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება. შესყიდვის ღირებულება 13 162 286 ლარია, საიდანაც 2024 წელს დაიხარჯება – 5 268 648 ლარი, 2025 წელი კი 7 893 638 ლარი.
შეგახსენებთ, რომ ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყებაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება გასული წლის მიწურულს გააკეთა. როგორც მაშინ კალაძე აცხადებდა, „პროექტი მოიცავს როგორც გარე პერიმეტრის ძირითადი კედლის საყრდენების რეაბილიტაციას, ისე შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებასა და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.
„აღნიშნულ ძეგლზე საუბარს არ დავიწყებ და არ ავხსნი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, უამრავი ტურისტი სტუმრობს და დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე განვახორციელეთ, იწყება პროექტით გათვალისწინებული მეორე ეტაპი, რის შემდეგაც ნარიყალას ციხე განახლდება და ტერიტორია მოწესრიგდება“, – აცხადებდა კალაძე.
ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები კი სულ ახლახანს დაიწყო.
„ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2017-2018 წლებში განხორციელდა. გალავნის ერთი ნაწილი რეაბილიტირებულია, დარჩენილი ნაწილი კი ამ პროექტის ფარგლებში, სრულად მიწესრიგდება. განათება შეიცვლება, დაემატება საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოების ფარგლებში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ღამის მინათება გამორთული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება კი 2025 წელს არის დაგეგმილი.
რამდენად სწორად მოხდება ნარიყალას რეაბილიტაცია ეს უკვე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაზეა დამოკიდებული. რამდენად შენარჩუნება, ნარიყალას იერსახე, როგორც ღირებულებისა და იდეის მატარებელი ობიექტისა, რომელიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის უწყვეტ ხაზს ქმნის – ამას სულ მალე გავიგებთ.