მიშენება-დაშენების სერია თბილისში – 1980-იანი წლებიდან მოყოლებული გადაუჭრელი პრობლემა
1992 წლის აგვისტოში თბილისში, ბახტრიონის ქუჩა #28-ში, ახალაშენებული მიშენება ჩამოინგრა, მალე იგივე განმეორდა სანზონაში.
1992 წლის აგვისტოში თბილისში, ბახტრიონის ქუჩა #28-ში, ახალაშენებული მიშენება ჩამოინგრა, მალე იგივე განმეორდა სანზონაში. ჯერ კიდევ მაშინ სავარაუდოდ, მსგავსი ტრაგედიები, მრავალჯერ დატრიალდა, უბრალოდ გაზეთების ფურცლებზე არ აღბეჭდილა და მხოლოდ ადამიანების მეხსიერებაში შემორჩა.
პრობლემამ 2000-იან წლებშიც იჩინა თავი – 2008 წელს არასწორ მშენებლობას მსხვერპლი მოჰყვა გლდანში; 2009 წელს ნუცუბიძეზე 9-სართულიანი სახლის მიშენება ჩამოინგრა; 2010 წელს ბათუმში 9-სართულიან კორპუსზე მიშენებული მეათე სართული ჩამოინგრა და უამრავი სხვა შემთხვევა, რომელიც უკვე მივიწყებას მიეცა და ტრაგიკულ ისტორიად იქცა.
თბილისსა და სხვა ქალაქებში საბჭოთა პერიოდში დარიგებული საცხოვრებელი ბინების გაფართოების მიზნით, კორპუსებზე მიშენებები თბილისში 80-იან წლებში დაიწყო და პიკს 1995 წელს მიაღწია. მიშენებების დიდი ნაწილი შესრულებულია შედარებით ძველ მასივებში, რომლებიც გასული საუკუნის 1950-60-იან წლებში აშენდა. 90-იან წლებში ამგვარ შენობებს არავინ აკონტროლებდა. 2000 წლისთვის სიტუაცია უკვე უკონტროლო იყო. დღეს დედაქალაქში არსებული კორპუსების დიდ ნაწილს მიშენებება აქვს. დიდი ნაწილი კი ავარიულია.
ექსპერთთა დაკვირვებით კორპუსების უმრავლესობის, რომელთა წლოვანება უკვე 40- 50 წელია და ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს, ავარიულობა სწორედ მიშენება-დაშენებამ გამოიწვია. „რეგიონის სეისმური აქტივობის გათვალისწინებით, მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა შესაძლოა დიდი საფრთხის მატარებელი იყოს”, – აღნიშნავენ ექსპერტები.
აღნიშნული პრობლემა მწვავეა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, სადაც ხშირად შეხვდებით საბჭოთა დეროინდელ ბინებს, სადაც მოსახლეობამ გაფართოების მიზნით მიაშენა და დააშენა.
საკითხავია, რა ტექნოლოგიით ხდებოდა ეს, რა მასალას იყენებდნენ, ან რამდენად საიმედო იყო ეს მასალა. ანგარიშგასაწევია ის ფაქტორიც, რომ კორპუსი, რომელზეც მიშენება სურთ, ხშირად უკვე ამორტიზებულია. ამ შემთხვევაში მიშენება განსაკუთრებით საშიშია. ნებისმიერ ოჯახს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ შენობის ფასადი შეცვალოს, ან ბოლო სართულზე დააშენოს და გაფართოვდეს. როდესაც მიშენება კუსტარულია, რისკი ყოველთვის არსებობს, ამიტომ მერია ყველა უკანონო მიშენებას აჯარიმებს. უკანონო მიშენება თუ დაშენება დემონტაჟით, ან ფულადი სანქციებით ისჯება. სხვადასხვა შემთხვევაში სანქციების სიმკაცრე განსხვავებულია და ეს კარგია, რადგან ადამიანმა უნდა იცოდეს – არ არის სასურველი თვითნებურად არქიტექტურული სამუშაოების ჩატარება.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ მიღებულია დადგენილება, რომლის მუხლი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაშენება-მიშენების სამუშაოებს არეგულირებს.
კონკრეტულად რა უნდა ვიცოდეთ დედაქალაქში უკანონო მიშენება-დაშენების შესახებ? – თბილისში აკრძალულია ნებისმიერი მიშენება, რომელსაც არ აქვს შესაბამისი პროექტი და არაა დამტკიცებული მერიის მიერ. რაიმეს ასაშენებლად აუცილებელია წინასწარ განცხადების დაწერა და ნებართვის მიღება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვახსენეთ, დაგეკისრებათ ფულადი სახის ჯარიმა და მოხდება შენობის დემონტაჟი. ჯარიმა კი საკმაოდ სოლიდური თანხაა, დამოკიდებულია რა სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე და შეიძლება 30 000 ლარამდეც კი მიაღწიოს.
ჯარიმის გარდა, განხორციელებული რეგულაციების შედეგად, პირი, რომელიც დაარღვევს კანონს, არა მხოლოდ დაჯარიმდება, არამედ დაუყოვნებლივ მოხდება თვითნებურად მიშენებული ან დაშენებული ნაწილების დემონტაჟიც.
მშენებლობისთვის წინადადებით უნდა მიმართოთ არქიტექტურულ ფირმას ან კერძო პირს, რომელიც ნახაზის შედგენაში დაგეხმარებათ, შემდეგ კი, უკვე მზა რეკონსტრუქციის პროექტით მიხვიდეთ მერიაში, განცხადების შესატანად.
აღსანიშნავია, რომ ბინებში, რომელთა ჭერის სიმაღლე 2.7 მეტრზე ნაკლებია, ხოლო ექსპლუატაციის ვადა – მაქსიმუმ 50 წელი, როგორც კანონით, ასევე რეგულაციებით, მიშენება-დაშენების სამუშაოები აკრძალულია. მერია აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა ავარიული შენობების ახლით ჩანაცვლებით და თვითნებური მიშენებების რეგულირებით უნდა მოხდეს, თუმცა ხშირად მოქალაქეები თვითნებურად, ზოგჯერ კი მერიის გაცემული ნებართვის საფუძველზე სახლებს საოფისე ფართებად იყენებენ, რაც თავისთავად გულისხმობს მზიდი კედლების მოშლას – ეს კი უდიდეს საფრთხეს უქმნის კორპუსის მცხოვრებთ.
როგორ ფასდება იმ ბინის ფასი რომელსაც მიშენება აქვს? – ექსპერტების აზრით, მიშენება ბინას აფართოებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი სახლის ფასიც და პრესტიჟიც ნაკლებია, ვიდრე ძირითად რეკონსტრუქციაზე აშენებულ ბინას.
რიგი ექსპერტები თვლიან, რომ ასეთი მიშენებების დანგრევის დროც მოვა, რადგან მათი 90% უვარგისი და სიცოცხლისთვის საშიშია.