იქ, სადაც ფეხით ცაში ადიხარ – ერთი ჩვეულებრივი დღის არაჩვეულებრივი ემოცია
რაჭიდან დაბრუნებულს, ნაქერალას უღელტეხილზე, "ცხრაჯვარის" გადასახვევი შეგვხვდა.
რაჭიდან დაბრუნებულს, ნაქერალას უღელტეხილზე, "ცხრაჯვარის" გადასახვევი შეგვხვდა. მოულოდნელად გადავწვიტეთ გადაგვეხვია და ორი ისტორიული მხარის, იმერეთისა და რაჭის საზღვარზე მდებარე ადგილის დათვალიერებით დავმტკბარიყავით, საიდანაც დასავლეთ საქართველოს ულამაზესი ხედები იშლება. სამანქანო გზით, რომელიც დიდი ხანი არ არის რაც გააკეთეს, ყოფილი ტყიბული-ცხრაჯვარის საბაგირომდე ხვდებით. მისი დანახვისას სინანულის გრძნობა გეუფლებათ, თუ რა საჭირო და აუცილებელი ობიექტია გავერანებული.
საბაგირო გზა „ტყიბული – ცხრაჯვარი“ ექსპლუატაციაში 1986 წელს შევიდა და 5 თვეში შეაჩერეს. მიზეზი კი მონტაჟის დროს, მზიდი ბაგირის დაზიანება ყოფილა, რომელიც მოგვიანებით აღმოაჩინეს. პროექტის ავტორი ვახტანგ ლეჟავა გახლდათ. საბაგირო გზაზე დადიოდა ორი 12-ადგილიანი “თბილავიამშენის” ვაგონი წარწერით “ტყიბული”. სადგურებს შორის სიმაღლეთა სხვაობა, 850 მეტრს შეადგენდა. აღნიშნული საბაგირო გზა საქართველოში და საბჭოთა კავშირში სიგრძით მეორე იყო, მისი სიგრძე 3 644 მეტრს აღწევდა. 90-იან წლებში ორივე სადგური გაიძარცვა, მოიპარეს ასევე ორივე ვაგონი, ბაგირები და საყრდენები. დღესდღეობით სადგურები ავარიულ მდგომარეობაშია.
9 მაისი – საოცარი ხედი, ერთ მხარეს მზე გადაშლილი სივრცით და მეორე მხარეს, ტყეში ჯერ კიდევ თოვლი. ამ დანგრეული შენობის ფონზე, მისტიურ გარემოში ვიგრძენი თავი. თითქოს ყველაფერი ხელოვნურადაა გაკეთებული და ფილმის გადაღებას აპირებენ… იქვე ჩამოვჯექით დასასვენებლად და “ცხრაჯვარზე” არსებული ლეგენდების კითხვას შეუდექით.
„ცხრაჯვარს“ მისტიურს და საინტერესოს მასზე არსებული ლეგენდებიც ხდის: არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ადრე ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წასულა. თურმე, ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამას გადაუწყვიტავს შესაწირი გაეკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღუმართავს, საკუთარი მხრებით მთაზე 9 ჯვარი აუტანია და სალოცავი გაუკეთებია. ომის დასრულების შემდეგ, თურმე ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია.
კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით: დიდი ხნის წინათ, სვანეთში, ძმებ სოფრომიანებს თავადი მოუკლავთ, სვანეთიდან გადასახლებულან და ოკრიბის პატარა სოფელში ჩასახლებულან, გვარი კი სოფრომაძედ გადაუკეთებიათ. რამდენიმე ხნის შემდეგ სოფრომაძეების გვარს ღვთის რისხვა დასტყდომიათ თავს, ახალშობილი ძე სოფრომაძეები, ვერაფრით აღწევდნენ სრულწლოვან ასაკს და იღუპებოდნენ. შეძრწუნებული მოსახლეობა ერთ დღესაც, ღია ცის ქვეშ შეკრებილა და უფლისათვის უთხოვიათ, ოღონდ ძე გაგვიზარდე, ჩვენ მტრედს ავაფრენთ და სადაც ის დაჯდება, იქ უფლის სადიდებლად სალოცავს ავაშენებთო.
მართლაც, აუფრენიათ მტრედი უხუცეს სოფრომაძეებს, რომელიც თურმე ამ მთის თავზე დაფრენილა. სოფრომაძეებს სულ ხელით უზიდავთ ქვები დაბლიდან მთაზე, ბევრი კიდეც შეწირვია სალოცავის მშენებლობას, მაგრამ საბოლოოდ, დიდი შრომის და წვალების შემდეგ მთაზე პატარა სალოცავი აუგიათ. სალოცავის აგების ბოლო დღეს სოფრომაძეებს ნადიმი გაუმართავთ, დაუკლავთ უამრავი დეკეული თუ ფრინველი. შუა ნადიმის დროს შეზარხოშებულებს ჩხუბი მოსვლიათ, იარაღად კი დეკეულის ბასრი ძვლები გამოუყენებით, ცოდვილებს ერთმანეთი სასტიკად დაუჭრიათ და სისხლი დაუღვრიათ. როცა გამოფხიზლებულან სინანულში ჩავარდნილან, მუხლებზე დამხობილან და უფლისთვის უთხოვიათ პატიება. მას შემდეგ სოფრომაძეები ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს, როცა “ცხრაჯვარის” დღესასწაული აღინიშნება, უფალს ადიდებენ და ხორცს არ ჭამენ თურმე.
სალოცავზე ასვლას არ ვაპირებდით, რადგან დიდი გზა გვქონდა გამოსავლელი თბილისამდე, მაგრამ ნანახმა იმდენად გაგვაოცა, მივხვდით უფრო დიდი ემოცია გველოდა. გადავწყვიტეთ კილომეტრამდე საფეხმავლო გზა, ფეხით გაგვეგრძელებინა.
გზას მიუყვებით საოცარ გარემოში, ირგვლივ ტყესა და ციცაბო კლდიდან შემოჭრილ მზის სხივებში. ამინდიც საოცარია ხან წვიმს, ხან მზეა. მყარი კლდოვანი ნიადაგი ოდნავაა დანამული წვიმის წყლით, მიწა ხის ფესვებითა და კლდოვანი ქანებით, კიბეებივით მიუყვება სიმაღლეში გზას. გზად ხის კიბეები გვხვდება, რომელიც თურმე სალოცავამდე ადიოდა და ზამთრის სუსხსა თა თოვლს გაუფუჭებია ალაგ-ალაგ. მხოლოდ ბოლოში იქ, სადაც სალოცავია კიბე საერთოდ აღარაა. აი აქ უკვე თოკებითა და ჯაჭვებით მოგვიწია ასვლა, სადაც სასულიერო პირს კიბის აღდგენაში 2 მამაკაცი ეხმარებოდა. ყოველი შემაღლების დანახვაზე გრძნობა გეუფლება თითქოს აქ ვეღარ ახვალ, მაგრამ საოცარი ძალა გეძლევა, გზას აგრძელებ და აი ისიც… ცხრაჯვარის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი მთის წვერზე.
ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ზომის ჯვრები, სალოცავი ხატები და ღია სალოცავიდან გადაშლილი, ულამაზესი ხედები სწორედ ისაა, რის გამოც “ცხრაჯვარი” საქართველოს უნიკალურ ღირსშესანიშნაობად ითვლება. ჯვრების სიმრავლიდან გამოირჩევა, უზარმაზარ კლდოვან ლოდზე მდებარე ოქროს ჯვარი, რომელსაც ქართული ჯვრისთვის დამახასიათებელი ფორმა აქვს. ღირსშესანიშნაობა განსაკუთრებით ლამაზი ნისლიან ამინდში ყოფილა, რაც საკმაოდ ხშირია. ნისლში გახვეული ჯვრები, თურმე განუმეორებელ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. „ცხრაჯვარიდან” მზიან ამინდში შეგიძლიათ დაბლობების პანორამულ ხედებთან ერთად, შავი ზღვაც დაინახოთ.
სალოცავთან ახლოს მდებარეობს უნიკალური და საქართველოს ერთ-ერთი უახლესი აღმოჩენა – ცხრაჯვარის მღვიმე. ნაქერალას ქედზე მდებარე მღვიმე, უნიკალური ფორმის სტალაქტიტური და სტალაგმიტური წარმონაქმნებით გამოირჩევა. მას საკმაოდ ვიწრო და რთული შესასვლელი აქვს, თუმცა სანახაობა ამ სირთულედ ღირს. ჯამური სიგრძე 460 მეტრია და რამდენიმე დარბაზსს მოიცავს. მღვიმეში ასევე პალეოზოოლოგიური მასალაა აღმოჩენილი.
ჩვენ აქ ვართ ცაში, ზღვის დონიდან 1 569 მეტრზე. ჩვენ ეს შევძელით!