კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი რეაბილიტაციამდე და შემდეგ – რატომ დაეკარგა შენობას ძველი იერ-სახე
ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ფოტოს აქვეყნებს და წერს რომ შენობას რეაბილიტაციის შემდეგ იერ-სახე დაეკარგა. ფოტოგრაფი ორ ფოტოს აქვეყნებს, რომელთაგანაც ერთი რეაბილიტაციამდე, ხოლო მეორე რეაბილიტაციის შემდეგაა გადაღებული.
კიდევ უფრო ადრინდელი ფოტო ინახება არქივში, სადაც შენობა თითქმის განადგურებულია და მისი ნახვა მართლაც მძიმეა. კადრი 2021 წლის დეკემბერშია გადაღებული. ამ ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, პირვლანდელი სახით აღდგენა რესტავრატორებს გაუჭირდებოდათ, რადგან შენობის ფასადი მთლიანად მოშლილი იყო.
შეგახსენებთ, რომ სახლ-მუსეუმის სრული რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდა. სამუშაოებზე ნებართვა 2020 წელს გაიცა, შედეგად რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოდა სახლსა და მარანს. კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში მდებარეობს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. სახლ-მუზეუმის ხის შენობა აღნიშნულ ადგილას 1983 წელს სხვა სოფლიდან გადმოიტანეს. ობიექტი სამუზეუმო ფუნქციას 1987 წლიდან ასრულებს.