თბილისს ახალი გერბი და დროშა ექნება-რაზე მუშაბს დედაქალაქის მერია
დედაქალაქის მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც თბილისის ახალი სიმბოლიკაზე მუშაობს.
კომისიის წევრებმა კონკურსის ჩატარების პირობებსა და ვადებზე იმსჯელეს. კომისიის წევრების მოსაზრებით, თბილისის დღევანდელი სიმბოლიკა გარკვეული ფორმით ფუნქციონირებას გააგრძელებს მას შემდეგაც, რაც დედაქალაქს შესაბამისი გერბი და დროშა ექნება. კომისიის წევრის, ისტორიკოს მამუკა წურწუმიას განცხადებით, ახალი სიმბოლიკა ჰერალდიკის კანონების დაცვით უნდა შეიქმნას, რადგან არსებული ემბლემა არ პასუხობს მოთხოვნებს.
„სხდომამ გადაწყვიტა, რომ თბილისს ჰქონოდა გერბი და დროშა. მინდა დავაზუსტო, რომ აქ არ არის საუბარი ახალ გერბზე, რადგან არსებული ემბლემის, რომელიც ცნობილი მხატვრის მიერ არის შექმნილი და მხატვრულად მაღალი ღირებულების ნაწარმოებია, ამოღება დღის წესრიგში არ დგას. ძველი ემბლემა არ პასუხობდა გერბის მოთხოვნებს, ის რეალურად ემბლემაა და არა გერბი. ახალი გერბი და დროშა უნდა მომზადდეს ჰერალდიკის კანონების დაცვით. თუ რას უნდა პასუხობდეს გერბი, ეს ყველაფერი ახალი კონკურსის პირობებში იქნება ასახული. დადგინდება კონკურსის ვადები და პირობები, რომელიც ჰერალდიკის ყველა კანონის დაცვით უნდა ჩატარდეს და შედეგად გვექნება ქალაქის გერბი, რომელიც უპასუხებს ჰერალდიკის ყველა მოთხოვნას“, – განაცხადა მამუკა წურწუმიამ.