ბათუმში, უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების მსურველებს 17 830 496 ლარის გადახდა მოუწევთ

უძრავი ქონება და ახალი სამშენებლო პროექტები ბათუმისთვის მთავარ გამოწვევად რჩება, ბაზარზე კონკურენცია დღითი დღე იმატებს და აქვე უნდა ითქვას, რომ სამშენებლო კომპანიების მარკეტოლოგებს საქმე ყოველ ჯერზე ურთულდებათ, რადგან გასაყიდი პროექტები მყიდველზე მეტია, ამიტომ რეკლამა და მარკეტინგული ხრიკები მნიშვნელოვან საკითხად რჩება ყველა კომპანიისთვის.

ბათუმში, უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების მსურველებს 17 830 496 ლარის გადახდა მოუწევთ

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უძრავ ქონებაზე გარე რეკლამირება კარგ პიარად მიიჩნევა, ამიტომ გარე ბანერზე სხვადასხვა კომპანიებს საკუთარი პროექტების განთავსებისთვის ბრძოლა აუქციონის წესებით მოუწევს.

ბათუმის მერიამ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისთვის ელექტრონული აუცქიონი გამოაცხადა. დოკუმენტის მიხედვით, აუქციონზე გამარჯვებული კომპანია გარე რეკლამის განთავსებაზე 10-წლიან ნებართვას მიიღებს. ნებართვის მიღების საწყისი ფასი 17 830 496 ლარს შეადგენს, აუქციონში მინიმალური ბიჯი კი 534 914 ლარს.

„აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია განთავსებული კონსტრუქციების ადგილმდებარეობის, მათი პარამეტრების და სარეკლამო ფართის ოდენობის დანართი 1-ის და დანართი 2-ის პირობებთან შესაბამისობის დადასტურებისთვის თითოეული კონსტრუქციის განთავსებიდან 3 თვის ვადაში წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ გაცემული დასკვნა.

გარდა არსებული ობიექტებისა, გამარჯვებული პირი უფლებამოსილია ლოტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განათავსოს გარე რეკლამის არასტანდარ­ტული საშუალებები (არაუმეტესი 3 კვ.მ., შემდგომში – „მცირე საშუალებები“), არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ერთეულისა.

გარე რეკლამის მცირე საშუალებად მიიჩნევა – ღია სივრცეებში (მაგალითად, მიწის ნაკვეთზე, გარე განათების ბოძებზე ან/და სხვა კონსტრუქციებზე/ნაგე­ბობებზე) განთავსებული სარეკლამო დანიშნულების მანიშნებლები, რომელიც მიანიშნებს ამა თუ იმ კონკრეტული კომერციული ობიექტის მდებარეობის/ მიმართულების/საქმიანობის შესახებ და ა.შ.), აგრეთვე, კონკრეტული ბიზნეს-სუბიექტის საქმიანობის რეკლამირების მიზნით, ამ ბიზნეს-სუბიექტის მიმდებარედ განთავსებული, არასტანდარტული სარეკლამო კონსტრუქციები“, – აღნიშნულია პირობებში.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში გარე რეკლამის განთავსების სულ 66 ტექნიკური საშუალებაა მოწყობილი, საიდანაც უმეტესობა არის ბილბორდი და ლათბოქსი.