თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს-რამ გამოიწვია საბურთალოზე გზის დაზინება
საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების პროცესში დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენა მიმდინარეობს.
თვის ბოლოს გზა აღდგენილი იქნება, ტერიტორია – მოწესრიგებული, მოეწყობა გამწავენებული კუნძული, მოძრაობა კი ჩვეულ რეჟიმში აღდგება-განაცხადა დედაქალაქის მერმა მიმდინარე სამუშაოების მონახულებისას.
„ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა იყო დაზიანებული. დაზიანება გამოიწვია კორტების სამშენებლო სამუშაოებმა. ძირითადად, დამჭერი კედლის პრობლემა იყო. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა მიწისქვეშა გრუნტის წყლები. ეს ყველაფერი კომპანიამ გამოასწორა. პირველი, რაც გაკეთდა სამუშაოების ფარგლებში და რის გამოც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვიწყებდით გზის მოწესრიგებას, ესაა დამჭერი კედლის მოწყობა. ამჟამად მუნიციპალური სამსახური უკვე შემოსულია და ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. თვის ბოლოს გზა აღდგენილი იქნება, ტერიტორია – მოწესრიგებული, მოეწყობა გამწავენებული კუნძული, მოძრაობა კი ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გზის დაზიანებული ნაწილის აღდგენით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.