როგორ გამოიყურება “ამბასადორი თბილისის” ფლიგელი, რომელიც ერთი წლის წინ დაიწვა, Kalaki.ge -ს მკითხველმა, შავთელის ქუჩიდან ფოტოები გამოუგზავნა
თბილისში, დედაქალაქის ძველ ნაწილში, ერთი წლის წინ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს "ამბასადორი თბილისის" ერთ-ერთი ფლიგელი დაიწვა. მალვე სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინა სასტუმროს სტუმარმა. 28 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. შემთხვევიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, ჩვენმა მკითხველმა ლია კვირკველიამ kalaki.ge-ს შავთელის ქუჩიდან ფოტოები გამოუგზავნა და მოგვწერა, რომ ბევრისთვის საინტერესო იქნება როგორ აღდგა დამწვარი ფლიგელი.
“ამ უბანში ვხცოვრობ მთელი ცხოვრებაა, როცა სასტუმროს ნაწილი დაიწვა ძალიან განვიცდიდით, რადგან შემთხვევის შემდეგ გარემოს რაღაცნაირად ძალიან შეეცვალა ფერი. ასე თუ ისე ამ სასტუმროს იერ-სახე ძველი თბილისის ავთენტურობასთან მიახლოებულია. ახლა შუშები ჩაუსვამთ და სიმართლე გითხრათ არ მომწონს, ჩვენს უბანს არ უხდება თანამედროვე არქიტექტურა, ამისთვის სხვა ახალი უბნებია თბილისში, იმედია საბოლოო იერ-სახეს კიდევ შეცვლიან.” – ამბობს ქალბატონი ლია ჩვენთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2023 წლის 31 მარტს მოხდა, სასტუმროს რესტორნისა და აივნის ნაწილი დაიწვა, თუმცა დღემდე არ აქვს შენობას საბოლოო იერ-სახე და სამუშაობი კვლავ გრძელდება.