აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს

თბილისში, დღეს საკრებულოს სხდომამ ხმაურით ჩაიარა, სადავო გახდა საკითხი, რომელიც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნას ეხებოდა.

აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს

დეპუტატებს შორის დაპირისპირების მიუხედავად, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიას, სადაც ორი ცათამბჯენის აშენებაა დაგეგმილი, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მაინც მოუხსნეს. ამ საკითხს კენჭი დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე უყარეს. ზონის ცვლილებას მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

ამ გადაწყვეტილებით, 33 447 კვ.მ ფართობის ტერიტორიას საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მიენიჭა. იქამდე ჰქონდა სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი, რომელიც ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობას კრძალავდა. ახალი ფუნქციური ზონის პირობებში კი ამ ტერიტორიაზე ორი ცათამბჯენის აშენება დასაშვები გახდა.

ფუნქციური სტატუსი არ შესცვლია “ლაგუნა ვერეს” და ის სარეკრეაციო ზონად რჩება.

ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის პროექტი საკრებულომ წინასაახალწლოდ, 2023 წლის 28 დეკემბერს დაამტკიცა. განაშენიანების რეგულირების გეგმის მოწონების შემდეგ, პროექტი მერიაში მშენებლობის ნებართვის მისაღებად დაბრუნდა. ვინაიდან ტერიტორიას სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი ჰქონდა და აქ მსგავსი მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელი იყო, პროექტი ისევ საკრებულოს დაუბრუნეს – ამჯერად ზონის ცვლილების მოთხოვნით.

პროექტის მიხედვით, სამშენებლო ტერიტორიაზე 52- და 40-სართულიანი ორი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი, 1000-1000 საცხოვრებელი ბინითა და კომერციული ფართით; 1000-ადგილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომით ვიზიტორებისა და მობინადრეებისთვის.

პროექტი ითვალისწინებს რეკრეაციულ სივრცეებს, აგურის ფასადიანი ძველი აბრეშუმის ქარხნის შენობის შენარჩუნებასა და რეაბილიტაციას.

პროექტის მოცულობა 153 949 კვ. მეტრია. ტერიტორიაზე მოსახვედრად მოეწყობა 3 სამანქანო გზა, აქედან ორი გმირთა მოედნის მხრიდან, ხოლო ერთი – კოსტავას ქუჩიდან. იგეგმება სავალი გზის განაპირა ობიექტების დაშლა და საავტომობილო ტრასის 4,5 მეტრით გაგანიერება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორებმა „ლაგუნა ვერესთვის“ ძველი ფუნქციის დაბრუნების პირობაც დადეს.