ზღვის სეზონი დაიწყო- როგორ აისახა უძრავი ქონების ქირაზე ზღვისპირა ქალაქებში დამსვენებლების სიმრავლე
ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისია, თუმცა როგორც აღმოჩნდა ივლისის თვის ჯავშნები თითქმის სრულად შეივსო. kalaki.ge დაინტერესდა რა ვითარებაა სეზონის დასაწყისში ზღვისპირა ქალაქებში?
საქართველოში, შავიზღვისპირა ქალაქები წელს განსაკუთრებით კარგ სეზონს ელოდებოდნენ, ასეც აღმოჩნდა. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში, სპეციალური ჯავშნების გარეშე რთულია, აპარტამენტის პოვნა. kalaki.ge ჩვენს მკითხველს, ბათუმში მცხოვრებ ქალბატონ მანანას დაუკავშირდა, რომელიც წლებია აპარტამენტებს აქირავებს. მისი განმარტებით, წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყო.
“უნდა გითხრათ, რომ კარგი სეზონის მოლოდინი გვქონდა, ჩემი ოჯახისთვის ჩვენი სამი აპარტამენტი შემოსავლის წყაროა, რომელსაც მთელი წელი ვანაწილებთ და შეძლებისდაგვარად გვყოფნის. აპარტამენტები სადაც მაქვს იქ მშობლების ძველი სახლი იყო, დაანგრიეს და დიდი კორპუსი ააშენეს, ასე გავხდი სამი აპარტამენტის მფლობელი, რომლითაც ოჯახს ვინახავ. მაგრამ პანდემიამ ისეთ დღეში ჩაგვაგდო მეგონა, ზღვის კარგი სეზონი აღარ დაგვიდგებოდა. ძალიან იაფად ვაქირავებდით. ახლა კი ფასი სამჯერ გავზარდე, რა ვქნა ასეთია თავად ბაზრის ფასი, მოთხოვნაც დიდია და ასე მიღირს.” ამბობს ქალბატონი მანანა kalaki.ge-სთან საუბრისას.
რაც შეეხება დამსვენებლებს, მოსახლეობა მაღალ ფასებს აპროტესტებს. ჩვენ ვესაუბრეთ ნინოს რომელიც ახლა სამ შვილთან ერთად ბათუმში ისვენებს.
“შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო გაძვირებულია ყველაფერი, ბინის ქირაში წინა წელს დღეში 70-ლარს ვიხდიდი, ხოლო წელს მსგავს აპარტამენტში 150 ლარს ვიხდი, წარმოუდგენელია ჩვენი მოსახლეობისთვის, ვნანობ, რომ მთაში არ წავედი” -ამბობს ნინო.
შეგახსენებთ, რომ საშუალო დონის აპარტამენტები ბათუმში 50-ლარიდან იწყება და 200- ლარსაც კი სცდება. დარგის ექსპერტების განმარტებით, უძრავი ქონების ფასებმა ბათუმში 30 პროსენტით მოიმატა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია.