ყვავილების ქვეყანა – სივრცე, რომელმაც დროთა განმავლობაში იერსახე იცვალა
ამ გაშლილ, სიცოცხლით სავსე ადგილს წლების განმავლობაში, ნაირფერი და სასიამოვნო სურნელი აცოცხლებს...
ამ გაშლილ, სიცოცხლით სავსე ადგილს წლების განმავლობაში, ნაირფერი და სასიამოვნო სურნელი აცოცხლებს. ის ცნობილია, როგორც ყვავილების მოედანი.
აქ ათასგვარი ყვავილებით აფერადებულ თაღოვან პავილიონებს უამრავი ფლორის მოყვარული სტუმრობს. აქ ადგილობრივების კულტურასა და ტრადიციებში ჩაიძირებით. აქ სასიამოვნო დროის გასატარებლად ყველა პირობაა შექმნილი: მაღაზიები ეროვნული სუვენირებითა და ხელნაკეთობებით, ქუჩის მუსიკოსები და მხატვრები, რომლებიც ქმნიან უნიკალურ სადღესასწაულო ნივთებს, ასევე, მყუდრო კაფეები უგემრიელესი, ქართული სამზარეულოთი. ამ ადგილებს XIX-XX საუკუნის არქიტექტურა, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
ორბელიანის იგივე კოლმეურნეობის მოედანი- თბილისის ცენტრში, რეზო თაბუკაშვილის, ათონელის, ვეკუასა და ანტონ ფურცელაძის ქუჩებს შორის მდებარეობს. მოედანი, სადაც ოდესღაც სოფლის ახალი პროდუქტებით ვაჭრობდნენ, XIX საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა.
ამ ადგილს ორბელიანების გვარი, 1751 წლიდან უკავშირდება. სწორედ იმ დროიდან, როდესაც ქართლის მეფე თეიმურაზ მეორემ ტერიტორია სარდალ რევაზ ორბელიანს გადასცა. მას 1828 წლიდან „ფოსტის მოედანს“ ეძახდნენ. 1876 წლიდან ქალაქის გეგმებში კი „სალდათის ბაზრად“ იხსენიებენ. 1903 წელს ქალაქის გამგეობა კვლავ უცვლის სახელს და „რუსის ბაზრის მოედანს“ ან, უფრო მარტივად, „რუსის მოედანს“ უწოდებს. 1930-იან წლებში, ლავრენტი ბერიას დროს შემუშავებული თბილისის გენგეგმის ფარგლებში, ამ ადგილზე დახურული, საკოლმეურნეო ბაზარი აიგო და ტერიტორიასაც „კოლმეურნეობის მოედანი“ ეწოდა. 1992 წელს კი გრიგოლ ორბელიანის სახელი დაერქევა.
ურბანული სტრუქტურა აქ მე-18-ე საუკუნის დასაწყისში ყალიბდება. არისტოკრატების საცხოვრელელი ადგილი სტუმრებს იზიდავდა და აქ მალე სასტუმროებიც აშენდა. აქვეა ერთერთი ძველი სასტუმროები გრანდ პალასი და ლონდონი. მოედანზე პატარა, თუმცა ძალიან ლამაზი ბაღია მოწყობილი, რომლის ცენტრშიც შადრევანი დგას. აქვე ნახავთ თბილისის ისტორიული გალავნის ნაშთებსაც, სამების ეკლესიას, რომელიც XIX საუკუნის თბილისის ერთ-ერთი მთავარი კულტურულ-რელიგიური ცენტრი იყო, ალექსანდრესა და 9 აპრილის ბაღებსაც, ახლოსაა ასევე, ქაშუეთის ეკლესიაც.
მოედნის აღდგენა-რეკონსტრუქცია 2019 წელს მოხდა, რამაც შესაძლებელი გახადა ამ ადგილით კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი და ტურისტი დაინტერესებულიყო.
„თბილისის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, 20-დან 10 შენობა ხელახლა აშენდა, განახლდა შიდა ეზოები, ძეგლებზე აღდგა არქიტექტურული და მხატვრული დეტალები. ფხოვისა და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი (5700 კვ/მ). როგორც „თბილისის განვითარების ფონდში“ ამბობენ, სადგომი პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება კი 85 მლნ. ლარით განისაზღვრა.
აქვეა ორბელიანების სასახლე, რომელიც გიორგი ათონელის N 25-ში მდებარეობს, სადაც ახლა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული.
შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს არის აშენებული და ტიპიური თბილისური, ეკლექტიკური არქიტექტურით გამოირჩევა. ორბელიანების სასახლის ბოლო მოსახლე, პოეტი გრიგოლ ორბელიანი იყო. სახლი მაშინდელი არისტოკრატიის შეკრების ადგილი ყოფილა, სადაც იმ პერიოდის, საქართველოს ყველა გამორჩეული მოღვაწე სტუმრობდა. შენობის სარდაფი სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა. პირველი სართული – სტუმრების მისაღებად, ბოლო სართულზე კი ოჯახის საძინებლები და სამუშაო კაბინეტი იყო მოწყობილი. ძველი შენობის ადგილას დღეს არსებული სასახლე, 1880-იან წლებში პოეტის ძმისწულს, გიორგი ილიას ძე ჯამბაკურ-ორბელიანს აუშენებია. შენობა ისე იყო მოწყობილი, როგორც ფეოდალური საქართველოს დიდგვაროვანთა მდიდრული სახლები. ისტორიული წყაროების მიხედვით, ორბელიანები გასაბჭოებამდე, ამ სახლის მესაკუთრეები იყვნენ. გასაბჭოების შემდეგ, უფრო ზუსტად, 20-იანი წლების ბოლოდან, აქ ბინა დაიდო საქართველოს უცხოეთთან კულტურული კავშირის საზოგადოებამ, რომელიც აქ თითქმის 1992 წლამდე მუშაობდა. ამ სასახლეში მოჰყავდათ უცხოეთიდან ჩამოსული დელეგაციები, გამოჩენილი მეცნიერები და ხელოვანები. მოგვიანებით აქ ამერიკის საელჩო განთავსდა. შენობაში 10 წელზე მეტხანს ფუნქციონირებდა საელჩო და საკონსულო, შემდეგ მასში სამუშაოდ გადავიდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფისი.
მე-20 საუკუნეში სასახლეს სამჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, თუმცა მხოლოდ ბოლო რეკონსტრუქციისას აღდგა მისი პირვანდელი სახე.
„ჩემი ოჯახი, წინაპრები ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ, ამიტომ ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები. თუ ჩვენ გვინდა ევროპულობა, ბევრად უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ავლაბრის სასახლის მასშტაბური შენობა, რომელიც სხვა რაღაცებს მაგონებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და სწორედ, აქ მოისურვა თავისი საქმიანობის გაგრძელება.
ორბელიანების სასახლე, მისი დღევანდელი შინაარსი, ასახავს საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას, ქვეყნის ისტორიას, ქართული კულტურის უმთავრეს პერიოდს, რომელსაც როგორც ეროვნული, ისე ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ორბელიანების სასახლეში მართავს ოფიციალურ შეხვედრებს და მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლებს. პროტოკოლით გათვალისწინებული საპატიო ყარაული ეწყობა სასახლის წინ მდებარე ქუჩაზე, აქვე იგება წითელი ფიანდაზი.
ტერიტორია გარშემორტყმულია მრავალი შთამბეჭდავი სივრცით, რომელიც უამრავ ტურისტსა და ადგილობრივს განსაკუთრებული ინტერესით იზიდავს. ერთ-ერთია „ბაზარი ორბელიანზე“, რომელიც ისტორიულ შენობაშია განთავსებული. თავად ბაზარი საბჭოთა დროს, კიროვის სახელს ატარებდა და ყველაზე კეთილმოწყობილ ბაზრადაც მიიჩნეოდა, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ეს ისტორიული სივრცე აერთიანებს 70 გემრიელ კუთხეს, მათ შორის 35 კულინარიულ კონცეფციას, იქნება ეს ცნობილი ქართველი შეფებისა თუ რესტორატორების მიერ შექმნილი ქართული თანამედროვე და ტრადიციული, რეგიონული, აზიური და ევროპული ქორნერები.
პირველი სართულის აგრარულ ბაზარზე ბევრი უნიკალური პროდუქტებია წარმოდგენილი, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავ, ასეთია: რაჭული ლორი, იშვიათი ქართული სახეობის ყველი, სუნელები თუ სხვა. თბილისში ყველაზე მასშტაბური გასტრო სკოლაც აქვეა, სადაც ქართული ტრადიციული თუ ევროპულ-აზიური სამზარეულოს უგემრიელესი კერძების მომზადებას პროფესიონალი შეფები ასწავლიან. ბაზარში ფუნქციონირებს ტერასა, ყველა სეზონისთვის მორგებული ორდონიანი სივრცე. ერთ ნაწილში შეძლებთ ეწვიოთ à la carte რესტორანს, ქართული ტრადიციული კერძებით, სადაც ყოველ დღე საინტერესო ღონისძიება იმართება. ტერასის მეორე ნაწილი კი ღია სივრცეა, სადაც თვითმომსახურების პრინციპით, სუფთა ჰაერზე განსაკუთრებით სასიამოვნოა მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნება.
აქვე წარმოდგენილია კოქტეილ ბარი და კრაფტ ლუდი. ასევე წარმატებით ვითარდება ახალი ტრენდები, როგორიცაა კვირის ბრანჩი, ბიზნეს ლანჩი და სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ ქართული „ბაზარი ორბელიანზე“ მსოფლიოს ბაზრების რიცხვში შედის და ის საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ხდება.