ვოლტის კურიერები თბილისში უწყვეტ პროტესტს აანონსებენ. მათი აზრით, კომპანია მათ მოთხოვნებს არ ითვალისწინებს
"Wolt"-ის კურიერების გაფიცვა, უწყვეტ პროტესტში გადაიზარდა - რას ითხოვენ დასაქმებულები და რა პასუხი აქვს კომპანიას?
ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც განვითარებისთვის ისწრაფვის პირველ რიგში, მიზნად ისახავს შექმნას ისეთი სოციალური პირობები, რომელიც ახალგაზრდებს თავის დამკვიდრებას საკუთარ ქვეყანაში გაუიოლებს და მათ არ გაუჩნდებათ სურვილი, ახალგაზრდული გონება და ენერგია უცხო ქვეყანას მოახმარონ, რადგან სახელმწიფოს მომავალისა და განვითარების საფუძველი ხომ ზუსტად, ეს ახალგაზრდები არიან.
საათის ციფერბლატი ზუსტად რვა საათს აჩვენებს და მაღვიძარას ხმა, ძილის საშუალებას არ აძლევს. ერთადერთი, რაც აფხიზლებს პირველი ფინჯანი ყავაა, ამიტომ მის მოსამზადებლად, სამზარეულოსკენ ზანტად მიემართება. მარტის თვეა, ქარი და წვიმა ერთმანეთს ერევა. ახლა ეკიპირებას ჩაიცვამს და შინ ღმერთმა უწყის როდის შემოვა. ის კურიერია. თანხა, რომელსაც თვის ბოლოს გამოიმუშავებს, უნდა ეყოს: მძიმე სენით დაავადებული ოჯახის წევრის საჭირო მედიკამენტებისთვის, ბინის ქირის გადასახდელად, კომუნალურების დასაფარად და სწავლის საფასურითვის. არადა არც ისე დიდი ხანია, რაც კურიერი სრულწნოვანი გახდა. არის დღეები, როცა საკვებისთვის თანხა აღარ რჩება, მაშინ, როცა მისი მოვალეობა სხვისთვის საკვების მიტანაა.
სკოლაში საუკეთესო იყო. მისი ინოვაციური იდეები ყველას აღაფრთოვანებდა. ეგონა ყველაფერი მარტივად იქნებოდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა. სამსახური დიდხანს, დიდხანს ეძება და ახლა, უფლება არ აქვს, რომ ხელი ჩაიქნიოს. უცხოეთში გადახვეწილი, მისი ბავშობის მეგობარი დიდი ხანია ურჩევს, მანაც დატოვოს ქვეყანა, მაგრამ ფეხს ითრევს უკეთესი მომავლის მოლოდინში და ასე გადის დრო. ახლა კი ამ ყველაფერს, როგორც თავად ამბობს „აღმართში ქვა დაეწია და ვოლტ-მა მისი გაცურება რთულ დროს გადაწყვიტა“. ამბობს, რომ იმ კილომეტრაჟების გავლა, რომელსაც კომპანია იპარავს თითქმის ყოველ დღე, საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდება.
29 მარტი, დღე, რომელმაც ღირსეული ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ერთ სფეროში მომუშავე პერსონალი კიდევ ერთხელ გააერთიანა. Wolt-ის კურიერებმა თითქმის 2-თვიანი პროტესტის შემდეგ აპლიკაცია გათიშეს და უწყვეტი აქციების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის გამო, აპლიკაცია ამ წუთებშიც შეფერხებით მუშაობს.
ანაზღაურების ზრდა; ჯანმრთელობის დაზღვევა; შეკვეთების რეალური მანძილების დაფიქსირება და კოლექტიური შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასთან. – ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რაზეც დასაქმებული ადამიანები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რიგით მეორე, კურიერთა კონფერენციაზე შეთანხმდნენ. რაც შეეხება თავად ანაზღაურებას, მარტივად გასაგები, რომ იყოს აქციის ორგანიზატორი და სოციალური აქტივისტი განვიმარტავს, რომ რეალურად კურიერები ტარიფის მომატებას კი არა, არამედ ინდექსაციას ითხოვენ, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ პირობითად კურიერს სამი წლის წინ შეკვეთაზე 5 ლარი გამოსდიოდა, დღევანდელი ინფლაციის ფონზე, 3 ლარი და 23 თეთრი ერიცხება. მოთხოვნა კი მდგომარეობს შემდეგში – საბაზისო ტარიფის 3.50 ლარამდე გაზრდა და კილომეტრის ანაზღაურება 70 თეთრამდე.
“კურიერები უკვე 5 თებერვლიდან დღემდე იმყოფებიან საპროტესტო რეჟიმში. იმართება პერმანენტული აქციები. უკვე მეორე კონფერენცია გაიმართა: პირველი თეატრ „ჰარაკიში“, მეორე საკონცერტო დარბაზ „მონოჰოლში“, სადაც კურიერებმა საკუთარი საქციელით და აი ამ კონფერენციის ჩატარებით არაერთ ორგანიზაციასთან ერთად უპასუხეს ამ კომპანიის შეურაცხმყოფელ განცხადებას. აი რას ნიშნავს, რომ კურიერს არ შეუძლია საკუთარ უფლებებზე კოლექტიურ კონფერენციაზე ჯდომა და განხილვა? ისე წარმოაჩინეს თითქოს კომპანიას დიალოგზე ჩვენ არ ვთანხმდებოდით. პირიქით, ჩვენ მზად ვართ და ვთავაზობთ მათ სივრცეებს ამისთვის. რიგით მეორე ყრილობას ესწრებოდნენ სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან სალომე შუბლაძე, სოლიდარობის ქსელი, მკვლევარი ალექსანდრა აროშვილი, რიონის ხეობის გადარჩენისთვის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი ასევე, პროფკავშირი „ლაბორის“ ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე. კონფერენციაზე იყო კითხვა-პასუხი. კურიერებმა დასვეს კითხვები, იმუშავეს იურისტებთან, სხვა მოძრაობის წევრებმა გაუზიარეს გამოცდილებები და მეორე ნაწილში შედგა ყრილობა, სადაც განსახილველ საკითხთა შორის იყო პროტესტის უწყვეტად გაგრძელება. ამ გადაწყვეტილებას კონფერენციამ 100 %-ით დაუჭირა მხარი“, – აღნიშნავს აქციის ორგანიზატორი და სოციალური აქტივისტი, არჩიბალდ მეკეში.
ამასთან, აქციის ორგანიზატორები „Wolt Gerogia”-ს მენეჯმენტში კონკრეტულ პირებს ანტიკონსტიტუციურ დევნასა და დეჰუმანიზაციაში ადანაშაულებენ და მათ გადადგომას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა, კვლავ კომპანიის წარმომადგენლებთან დიდ დარბაზში შეხვედრაა, სადაც ყველა კურიერის დასწრება იქნება შესაძლებელი.
„ჩვენი მოთხოვნაა ასევე, ხელმძღვანელობის გათავისუფლება. ეს არ არის ქართული კომპანია. ეს არის ფინური კომპანიის ფილიალი საქართველოში. 100 %-იანი წილის მფლობელია ფინური კომპანია. მიგვაჩნია, რომ კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებდა ადამიანების ანტიკონსტიტუციურ დევნას, მათ დისკრიმინაციას, აპლიკაციიდან ჩახსნას, შრომითი უფლების შეზღუდვას, არ იმსახურებს ბაზარზე ოპერირებას. მათი კოლეგა კურიერი ლევან მძევაშვილი, რომელიც კომაშია 2022 წლიდან, კაპიკი არ ჩაურიცხავს კომპანიას. ასეთი ხელმძღვანელობის ადგილი საერთაშორისო კომპანიაში არ არის. საქმე შესულია სახალხო დამცველთან, მალე იქნება დასკვნა. თუ მოხდა ისე, რომ სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტები, მაშინ კიდევ უფრო მძაფრდება ამ მოთხოვნის მნივნელობა, რომ საერთაშორისო კომპანიაში დისკრიმინატორების ადგილი არ არის“, – აცხადებს არჩიბალდ მეკეში.
საპროტესტო ტალღასა და კურიერების მიერ აპლიკაციის გათიშვას, საკურიერო კომაპნია „Wolt”-ის განცხადება მოჰყვა. კომპანია განმარტავს, რომ კურიერები არიან მიტანის სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმეები, პარტნიორები და არ არიან „ვოლტ საქართველოს“ თანამშრომლები. მათი თქმით, კურიერებთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება და ამ თანამშრომლობას არ არეგულირებს შრომის კოდექსი.
„ჩვენ მიერ ჩატარებული კურიერების კმაყოფილების კვლევების თანახმად, პარტნიორი კურიერების აბსოლუტური უმრავლესობისათვის პარტნიორობის ფორმატი სასურველია. მათ საშუალება აქვთ, სამუშაო დღე დაიწყონ და დაასრულონ მაშინ, როცა ეს თავად უნდათ. არაა საჭირო, ვინმეს შეუთანხმონ სამუშაო გრაფიკი, კვირის რომელ დღეებში, ან დღის რომელ მონაკვეთში შეასრულებენ შეკვეთებს, ან გადაწყვეტენ დასვენებას. აქვთ საშუალება, უარი განაცხადონ შეკვეთის აღებაზე შეუზღუდავი რაოდენობით, პარალელურად სხვა კომპანიაში დასაქმდნენ და ა.შ
რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს – კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ვოლტის“ საქართველოში ოპერირების განმავლობაში, არც ერთი პარტნიორი კურიერი არ დაგვიბლოკავს რომელიმე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. მათთან ხელშეკრულებას ვწყვეტდით მხოლოდ ისეთი უხეში დარღვევების გამო, როგორიცაა მომხმარებლისთვის, ან სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის მიყენებული შეურაცხყოფა, აქტიურობის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში, და ა.შ. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმ შემთხვევაში კი თუ პროტესტის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული ქმედებები გასცდება კანონის ჩარჩოებს, კომპანია საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს, რათა პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება იყოს დაცული.
„ჩვენ უკვე რამდენჯერმე გავუგზავნეთ შეტყობინება უკლებლივ ყველა პარტნიორ კურიერს. განვმარტეთ, რომ ყველას აქვს საპროტესტო აქციის გამართვის უფლება და მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდენოდნენ კანონის ჩარჩოებს. სწორედ ეს შეტყობინება აღიქვეს მათ მუქარად, დისკრიმინაციად და ანტიკონსტიტუციურ დევნად. ხელშეკრულებას შევუწყვეტთ ყველა იმ პარტნიორ კურიერს, რომელიც დაარღვევს კანონს, ზეწოლას მოახდენს სხვა პარტნიორ კურიერებზე და მიაყენებს შეურაცხყოფას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, რათა სრულყოფილად დავიცვათ ჩვენი პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება.
როგორც იცით, „ვოლტის“ საერთაშორისო სათაო ოფისიდანაც გავრცელდა ოფიციალური განცხადება. ფინეთში მდებარე სათაო ოფისი აქციების დაწყების დღიდან ჩართულია პროცესში. ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ „ვოლტ საქართველოს“ მენეჯმენტს და მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.
პარტნიორი კურიერების მხრიდან მოთხოვნების გაჟღერებისთანავე, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, შევხვედროდით მათ მცირე ჯგუფებად, რადგან გაფართოებულ ფორმატში დისკუსია არ მიგვაჩნია შედეგის მომტანად. ასევე, არ გვაქვს უფლება, ხელშეკრულების დეტალები განვიხილოთ გარეშე პირების თანდასწრებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია და მზად ვართ, მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინოთ აქციის მონაწილეებს“, – აღნიშნეს კომპანია „Wolt Georgia”-ში.
ამ განცხადების შემდეგ შევეცადეთ გაგვერკვია თუ რა პოზიცია ჰქონდათ გაფიცულ კურიერებს. „Wolt”-ის ერთ-ერთი თანამშრომელი kalaki.ge-ის ანონიმურად ესაუბრა, რადგან ფიქრობს, რომ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების გამო შესაძლებელია კომპანიამ, მისი სამართლებრივი მეთოდებით დევნა დაიწყოს.
„ნებისმიერი ქმედების გამო შეუძლიათ, რომ დაგვბლოკონ. ხმის ამოღების საშუალება არ გვაქვს. არადა უბრალოდ ვითხოვთ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ისეთი კომპანიისთვის, რომელიც წელიწადში ოთხ მილიონამდე გამოიმუშავებს, ჩვენ ამასთან შედარებით ელემენტარულს ვითხოვთ“, – აცხადებს გაფიცული კურიერი.
რაც შეეხება ტარიფებსა და მანძილის დათვლასთან დაკავშირებულ საკითხს – კურიერები ამტკიცებენ, რომ აპლიკაცია, რომელიც კილომეტრაჟებს განსაზღვრავს, ცდომილებით მუშაობს და თანხას სწორად არ გამოიმუშავებს.
მიტანის სერვისის კომპანია „ვოლტი“ კი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ დღეს მოქმედი Partner App-ის საშუალებით, განახლებული ვერსიით დაინერგა ანაზღაურების ახალი, უფრო მოქნილი სისტემა, რომლის მიზანია, პარტნიორ კურიერებს ღირებული შეთავაზება გაუკეთოს – თითოეული შეკვეთის ანაზღაურება კი განისაზღვრება ინდივიდუალურად, შეკვეთის სირთულიდან გამომდინარე. თუმცა კომპანიაში მანძილის გამოთვლასთან დაკავშირებულ „მცირე უზუსტობებზეც“ ამახვილებენ ყურადღებას.
„ამაზე მუშაობა ვოლტ საქართველომ, სათავო ოფისთან ერთად, ჯერ კიდევ საპროტესტო აქციების გამართვამდე, სექტემბრიდან დაიწყო. 15 თებერვლიდან კი განახლდა Partner App, ანუ აპლიკაცია, რომელსაც პარტნიორი კურიერები იყენებენ ვოლტის შეკვეთების მისაღებად. ვოლტ საქართველოს პარტნიორი კურიერების ანაზღაურების ტარიფი არ შეუმცირებია. მეტიც, წლიდან წლამდე, კომპანიის მიერ პარტნიორი კურიერებისათვის ანაზღაურების სახით გაცემული თანხა იზრდება. მაგალითად, გასულ წელს ამ თანხამ 32 მილიონი ლარი შეადგინა.
გამოსწორდა მანძილის გამოთვლასთან დაკავშირებული პრობლემები და აპლიკაციის განახლებასთან ერთად, Google Maps-ის სისტემაც დაინერგა. სამკვირიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, ჩატარდა პარტნიორი კურიერების გამოკითხვა. სწორედ ამ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პარტნიორ კურიერთა უმრავლესობა კმაყოფილი იყო განახლებული სისტემის დანერგვით. ცხადია, არსებობს მცირე უზუსტობები, თუმცა, ვმუშაობთ სათავო ოფისთან, საჯარო რეესტრთან და Google-ის წარმომადგენლებთან ერთად და ესეც გამოსწორების პროცესშია“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„ვოლტი“ ფინური კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს. აპლიკაციის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად ის მომხმარებელს სხვადასხვა კერძებისა თუ პროდუქციის მიტანის სერვისს სთავაზობს. საქართველოში ამ პლატფორმაზე რამდენიმე ათასი ადამიანია დასაქმებული.
კურიერებმა წერილობით მიმართეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს. ასევე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მათგან პრობლემის დროულ მოგვარებასა და პროცესში, მოდერატორის ჩართვას ითხოვენ.
„ვოლტის“ კურიერები პროტესტის გაგრძელებას უწყვეტ რეჟიმში აანონსებენ და სოლიდარობისკენ მოუწოდებენ ყველა საკურიერო კომპანიაში დასაქმებულებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები?
თუმცა ერთი კი ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ამ ადამიანების ანაზღაურება არ შეესაბამება მათ მიერ გაწეულ შრომას.