ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ახალი აეროპორტი აშენდება?
მისი თქმით, ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება ვაზიანის ტერიტორიის მოკვლევის შემდეგ იქნება მიღებული, რისთვისაც მთავრობა გამოცდილ სპეციალისტებს ჩამოიყვანს.
„დავამუშავეთ ორი ვარიანტი, ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება-გაფართოება. ამის თაობაზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტები ისაუბრებენ. ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვებიც და დიდი განვითარების შესაძლებლობას ვერ იძლევა, მით უმეტეს თუ ჩვენ რეგიონში გვინდა საავიაციო ჰაბი გავხდეთ, ეს აეროპორტი და მისი ტერიტორია, ამის საშუალებას არ გვაძლევს. ამიტომ ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი და მივედით დასკვნამდე, რომ ჩვენ თუ 20-30-50 და თუნდაც 100-წლიანი პერსპექტივით გვინდა ქვეყანაზე ვიზრუნოთ და მომავალ თაობებს სათანადო ინფრასტრუქტურა და გამართული აეროპორტი დავუტოვოთ, ასეთი ლოკაცია თბილისში, შეიძლება ითქვას იდეალური ამ კუთხით, ვაზიანის ყოფილი აეროდრომია.
ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანია ამ პროექტის შესწავლაში ჩამოვიყვანოთ პროექტანტები, მშენებლები, არქიტექტორები, ჯერ კარგად შევისწავლოთ ეს ადგილი და ამის შემდეგ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია თანამედროვე, საერთაშორისო კლასის თანამედროვე აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც რეალურად შეიძლება ჰაბი გახდეს. ეს უნდა იყოს ტრანზიტულ-ლოგისტიკური და თანამედროვე მგზავრზე გათვლილი აეროპორტი. ჩვენ საუბარი გვქონდა კარგო ტერმინალების მშენებლობაზე… ვფიქრობ, ეს ძალიან ამბიციური და საჭირო პროექტია ქვეყნისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში წლიურად მგზავრთნაკადის 35%-იანი მატება გვაქვს, ასევე საქართველოდან პირდაპირი ფრენები მსოფლიოს 58 ქალაქში და რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 31 ქვეყანასთან ხორციელდება, აქედან გამომდინარე მან თქვა: “ჩვენ ახლა დავიწყებთ, როგორც მოგახსენეთ შესწავლას, ჩამოვიყვანთ როგორც მსოფლიოში წამყვან საავიაციო- საკონსულტაციო კომპანიებს, ჩავრთავთ მათ, ჩავატარებთ ძალიან დეტალურ კვლევას და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თბილისს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი“.
ცნობისთვის: თბილისში ახალი აეროპორტის საჭიროებაზე საუბარი, ჯერ კიდევ გასულ წელს, თუმცა განსხვავებული კონტექსტით დაიწყო. 2022 წლის 12 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარების მიზნით, მთავრობას 400-500 მლნ დოლარის ინვესტირების მოლოდინი აქვს. პრემიერს მაშინ სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობდა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რომ საუბარი შეიძლება ახალ აეროპორტზე ყოფილიყო. მოგვიანებით 2023 წლის 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თემა კიდევ ერთხელ გააქტიურა და თქვა, რომ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას მოიცავდა, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა და მთავრობას ამბიცია აქვს, რომ თბილისს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი ჰქონდეს. ახალი აეროპორტის პროექტის განხორციელებაზე ღარიბაშვილმა მოკლედ 3 აპრილის მთავრობის სხდომაზეც აღნიშნა და თქვა, რომ ქვეყანაში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყებოდა.