ვაშლიჯვარი ძველ, ყოფილ მეწყერზე დგას – გეოლოგები საბურთალოს რიონში ვაშლიჯვარს საშიშ ზონად მიიჩნევენ
ვაშლიჯვრის მოსახლეობა, მიმდინარე მშენებლობების გამო და ბოლოდროინდელი მოვლენების მიხედვით, გეოლოგების ჩართულობას ითხოვენ. kalaki.ge-სთან საუბრისას ჰყვებიან, რომ თავს ყოველდღიურად საფრთხის წინაშე გრძნობენ, მაგრამ გამოსავალს არსებულ რეალობაში ვერ ხედავენ.
გეოლოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე “ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას იმ საფრთხეებზე საუბრობს, რის წინაშეც ვაშლიჯვრის მოსახლეობა დგას. როგორც გეოლოგი აღნიშნავს, ვაშლიჯვრის ფერდს სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების დროს მოუჭრეს ძირი. მისი თქმით, ასეთ დროს ბუნებრივია, რომ მასა დაიწყებს მოძრაობას.
„საქმე გვაქვს იმასთან, რომ ვაშლიჯვარი ძველ, ყოფილ მეწყერზე დგას. როცა დაიწყეს იქ გზის მშენებლობა, მეწყერს ჩამოუჭრეს ფუძე, სად დაარტყამს ეს მეწყერი არ ვიცით. შეიძლება ბევრ ადგილს დაარტყას. მე ვცდილობ ვაშლიჯვარში მანქანით არ ვიარო.
გეოლოგს მიაჩნია, რომ ვაშლიჯვარში ფერდის გამაგრება პრობლემას ვერ მოაგვარებს. თვალჭრელიძემ ისიც აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები და მიწის მოჭრა საერთოდ არ უნდა განხორციელებულიყო.
შეგახსენებთ, ვაშლიჯვარში, ბროწეულის ქუჩა N5-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფერდზე ნაპრალების გაჩენის გამო, ადგილზე სამუშაოები დროებით შეჩერებულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე სამუშაოებს შპს „გელოვანი დიველოფმენთი“ აწარმოებს. მათივე ცნობით, სამშენებლო კომპანიას დამატებითი კვლევის წარმოდგენა და კვლევის საფუძველზე მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარება დაევალა.