ურბანული განვითარების ინსტიტუტი – ბახმაროში მიდინარე მასშტაბური მშენებარე სასტუმრო კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას
"ორბი ჯგუფი ბახმარო", რომელიც გურიაში მასშტაბურ პროექტს ახორციელებს მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, მშენებლობის ვადები შეიცვალა. აქვე მნიშვნელოვანია ურბანული განვითარების ინსტიტუტის შეფასება, რომლის მიხედვითაც ბახმაროში მიდინარე მასშტაბური მშენებარე სასტუმრო კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას.
„ორბი ჯგუფი ბახმაროს“, რომელსაც 2024 წლის მაისამდე ბახმაროში სასტუმრო უნდა აემოქმედებინა, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე წლით, 2028 წლის ივნისამდე გადაუვადა. ახალ განკარგულებაში „ორბის“ მთავარი ვალდებულება ასეა განსაზღვრული:
„პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არაუგვიანეს 19/06/2028 წლისა, უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის [რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო(ებ)ს, კომერციული დანიშნულების ფართ(ებ)ს; კვების ობიექტ(ებ)ს; სპორტულ მოედანს/მოედნებს, ქონების ან მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას] შექმნის მიზნით, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/ სარემონტო სამუშაოების [რაც ასევე შეიძლება, მოიცავდეს უძრავი ქონების ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს] განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმრო(ები)სა და კვების ობიექტ(ებ)ის ფუნქციონირების დაწყება.
ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს“.
ამასთან, „წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოჰყვება საერთაშორისო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას… კომპლექსი წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთან“, – აცხადებს ორგანიზაცია.