უძველესი სასტუმროები და პირველი სასტუმროების უბანი თბილისში
თბილისის პირველი და უძველესი სასტუმროები - საკითხი, რომელიც მხოლოდ საუკუნის წინანდელ შენობებს როდი გულისხმობს.
ამ სასტუმროების ისტორია უძველეს ტიფლისზე, აქ ჩამოსულ უცხოელებსა და მუდმივ მაცხოვრებლებზე გვიამბობს. გვახსენებს იმ ქალაქის ემოციებს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი დღემდე ატარებს. იმ ეპოქის სასტუმროებში გაჩერებული სტუმრები და პოეტებიც კი ამ შენობების შესახებ ჩანაწერებს აკეთებდნენ. იქაური პირობები, დასაქმებული ადამიანები, შენობის არქიტექტურა და თავად უძველესი ქალაქი, მათი შემოქმედების წყარო ხდებოდა.
უძველეს დროში, რუსეთის საქართველოში შემოსვლამდე, თბილისში სასტუმრო არ ყოფილა. ქალაქში – ქარვასლას, რომ უწოდებენ, ვაჭრები სახლდებოდნენ, ხოლო საპატიო სტუმრებს მასპინძლები თავიანთ სასახლეში იღებდნენ. სასტუმრო – ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით, მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ჩნდება.
პირველი სასტუმრო ქალაქში, 1818 წელს ეროვნებით ფრანგს, ნაპოლეონის არმიის ყოფილ ჯარისკაცს გაუხსნია. საინტერესოა, რომ ამ ჯარისკაცის გვარს ვერსად ვხვდებით და მხოლოდ ის ვიცით, რომ მას ჟან პოლი ერქვა. მისი სასტუმრო კალა უბანში მდებარეობდა, რომელიც დღეს ალექსანდრ დიუმას სახელს ატარებს.
მეცხრამეტე საუკენის დასაწყისიდან მოყოლებული, ტფილისის სასტუმროები ვითარდებოდა, მაგრამ ამ სასტუმროებს ერთი უმთავრესი რამ ახასიათებდა – ეს შენობები მეცხრამეტე საუკუნის მიწურულამდე თავიდანვე სასტუმროებისთვის არ ყოფილა განკუთვნილი. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც სასტუმროს გახსნის მსურველი ქალაქის ცენტრალურ უბანში, საუკეთესო შენობას ქირაობდა.
XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე სასტუმროს ბიზნესში, როგორც ქართველი მეწარმეები, ასევე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. აღსანიშნავია რომ, პირველ სასტუმროებს თბილისში მცხოვრები ევროპელები ხსნიან, მათ შორის არიან გერმანელები. გერმანელებს უკავშირდება სასტუმროები: მადერი, ვეტცელი, ლონდონი და სხვ.
Kalaki.ge წარმოგიდგენთ ძველი თბილისის სასტუმროებსა და მათი შენობების ნაწილს, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი ახლაც არსებობს სხვადასხვა ფუნქციით ან სულაც, უფუნქციოდ.
„სასახლის სასტუმრო“
1830 წელს აშენებული ეს შენობა ერთ-ერთი ყველაზე ადრეულია თავისუფლების მოედანზე და გვიანი კლასიციზმის გამორჩეული ძეგლია თბილისში. აქ გაუმართეს მეჯლისი 1837 წელს, თბილისში ჩამოსულ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს. 1840 წელს შენობა საეკლესიო უწყებას გადაეცა და აქ სასულიერო სემინარია გაიხსნა. 1917 წელს შენობა გაიყიდა და სემინარია სასტუმრომ ჩაანაცვლა, სახელწოდებით „Царские Номера“. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბუნებრივია სასტუმროს სახელი შეაუცვალეს და ახალი სახელწოდება – „სასახლის სასტუმრო“ შენობის მთავარ ფასადზე ქართული ასოებით გამოიტანეს. გასაბჭოების შემდეგ სასტუმროს „პალას ოტელი“ ეწოდა. როგორც იმდროინდელი სარეკლამო ტექსტები იუწყებიან, აქ იყო საუკეთესო რესტორანი ევროპული და აზიური სამზარეულოთი, „საპარიკმახერო“, სააბაზანოები და დეკორატიული ბაღი. 1952 წელს შენობაში საქართველოს ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა.
„ზალცმანის სასტუმრო“
ზალცმანის სასტუმრო რიყეზე მდებარეობდა – იქ, სადაც რამდენიმე გერმანელი კოლონისტის სახლი იყო განლაგებული. სასტუმრო თეოდორ (ფრიდრიხ) ზალცმანმა საკუთარ აშენებულ სახლში მოაწყო.
სასტუმრო პირველად მან 1830 წელს გახსნა, მაგრამ მან, როგორც ჩანს, ვერ იმუშავა და მალე დაიხურა. 1833 წელს ზალცმანმა სასტუმრო კვლავ გახსნა და ამჯერად მისი წამოწყება ბევრად უფრო წარმატებული გამოდგა. მომდევნო ათი-თორმეტი წლის მანძილზე ზალცმანის სასტუმრო ქალაქში საუკეთესოდ ითვლებოდა. აქ ჩერდებოდა თბილისში ჩამოსულ ევროპელთა უმეტესობა. მას მრავალი მოგზაური იხსენიებს თავის ჩანაწერებში, მათ შორის ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე, კარლ კოხი, ბარონი ავგუსტ ფონ ჰაქსტჰაუზენი, იდა პფაიფერი, ფრიდრიხ ბოდენშტედტი, რიჩარდ უილბრეჰემი და მორიც ვაგნერი.
ცნობები ზალცმანის სასტუმროს შესახებ 1834-1845 წლებს შორის მონაკვეთზე მოდის. ამის შემდეგ ევროპელი მოგზაურები აქ, ეტყობა, ნაკლებად ჩერდებოდნენ, თუმცა სასტუმრომ 1860-იან წლებამდე იარსება.
ზალცმანის სასტუმროს შენობა არ შემორჩენილა. მოგზაურთა აღწერებით, ეს იყო მომცრო სახლი ძლიერ დამრეცკალთებიანი ასიმეტრიული სახურავით და დაბალი შესასვლელი კარით. პირველ სართულზე ერთ მხარეს იყო საბილიარდო, მეორე მხარეს – საგანგებოდ გერმანელი სტუმრებისათვის მოწყობილი საერთო ოთახი ლურჯად შეღებილი კედლებით. აქვე ცხოვრობდა თვით თეოდორ ზალცმანიც მეუღლესთან და ექვს შვილთან ერთად. სტუმრების საცხოვრებელი ოთახები მეორე სართულზე იყო.
„ბრისტოლი“
1855 წელს, იტალიელმა კომერსანტმა კარლო მორიჯიმ მთლიანად იქირავა გოლოვინის პროსპექტზე მდებარე ანანოვის 3 სართულიანი სახლი და აქ ფეშენებელური სასტუმრო „Hotel des Princes“ გახსნა. სასტუმროს ჰქონდა სასდილო დარბაზი, ეკიპაჟის სადგომი, საჯინიბო. კლიენტებს ემსახურებოდა მკერვი, დალაქი. პირველ სართულზე განთავსდა სასმელების მაღაზია და „უცხოური ყაიდის“ კაფე. მიუხედავად მაღალი კლასისა, სასტუმრო 1858 წელს დაიხურა. 1910-იან წლებში, შენობაში დღევანდელი მისამართით – რუსთაველის გამზ. 26, სწორედ იქ, სადაც ადრე ანანოვების სახლი იდგა, ფუნქციონირებდა სასტუმრო „ბრისტოლი“ – უთუოდ გამორჩეული იმით, რომ მას, სავარაუდოდ პირველი ქართველი ადმინისტრატორი ქალი – ანასტასია კირთაძე ინახავდა.
„ვერსალი“
1892 წელს აგებული „ვერსალი“, ირანელი გენერლის, მაჯდ-ოს-სალტანეს მონათხრობით 30 ნომრიანი სასტუმრო იყო დიდი სალონით, რომელსაც ირანელი სომეხი მონირიანი ინახავდა. გენერლის სტუმრობისას სასტუმროში ხანძარი მოხდა, მეორე სართულის ჭერი ჩაინგრა და 10 ნომერი დაზიანდა. ხანძრის მიზეზით მიყენებული, 20 000 მანეთის ღირებულების ზარალი, სადაზღვეო კომპანიამ აანაზღაურა. სასტუმრო „ვერსალი“ სავარაუდოდ ეს შენობაა, დღევანდელი წინამძღვრიშვილის და გოგიბერიძის ქუჩების კვეთაზე.
“ვეტცელის სასტუმრო”
აღსანიშნავია კიდევ ერთი გერმანელის, უძველესი „ვეტცელის“ სასტუმრო, რომელიც 1897-1900 წლებში ფრიდრიხ ვეტცელმა მისივე მიწის ნაკვეთზე ააგო. ის მიხეილის პროსპექტზე (დღევანდელი დავით აღმაშენებლის N103) მდებარეობდა. „ვეტცელი“ – ეს არის მეორე გილდიის ვაჭარ ფრიდრიხ ვეტცელის სახელობითი სასტუმრო, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საუკეთესოდ მიიჩნეოდა, რადგან შენობა აღჭურვილი იყო გათბობით, ელექტროგაყვანილობით, ლიფტით, საბილიარდოთი და ორი რესტორნით, თუმცა მთავარი, რაც „ვეტცელს“ თბილისის სასტუმროებიდან გამოარჩევდა, მარცხენა ფრთაში მოწყობილი თეატრი გახლდათ, სადაც ქორწილები და სხვა საზეიმო შეხვედრებიც იმართებოდა, ხოლო მოგვიანებით, „თოჯინების თეატრი“ განთავსდა. 1911 წლიდან სასტუმროს მფლობელი, „ვეტცელის“ ხელქვეითი, შეძლებული მეწარმე ნოე სიხარულიძე გახდა, რომლის მეშვეობითაც შენობა გაფართოვდა და საფუძვლიანად გადაკეთდა – დაემატა დიდი ვერანდა ფასადის მხრიდან და ჰერმესის მუზარადიანი ფიგურები მთავარი შესასვლელის ორივე მხარეს. სიხარულიძის დროს სასტუმროში 40 ნომერი ფუნქციონირებდა. შენობაში სასტუმრო 1970 წლამდე იყო გახსნილი. ახლა ის დაცლილი და უფუნქციოა.
ასწლეულების შემდეგ, ტექნოლოგიური პროგრესისა და უძრავი ქონების განვითარების კვალდაკვალ, საქართველოში სასტუმროების პირველი უბანი გამოჩნდა.
მდინარე მტკვრის ნაპირზე, ბუნებრივ მიკროკლიმატურ ზონაში განლაგებული მრავალფუნქციური კომპლექსი, „რივერ პარკ რეზორტი“ შენდება. დიღომი #9-ს ტერიტორიაზე, 30 000 მ2-ზე
განთავსებული ახალი, მულტიფუნქციური კომპლექსი საცხოვრებელ, სასტუმრო, საოფისე, კომერციულ და რეკრეაციულ სივრცეებს აერთიანებს.
პროექტის პირველი ეტაპი 2023 წლის სექტემბერში სრულდება, ჩაბარების საბოლოო ვადად კი 2024 წელია განსაზღვრული.
დაბალი განაშენიანების, 4 სართულიანი შენობები ქართულ-ებრაული ინვესტიციით ხორციელდება. პროექტში შემავალი თითოეული აპარტამენტი
სრული რემონტით ბარდება, რომელიც სასტუმრო სერვისებსაც მოიცავს.
კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა: საპარკინგე ადგილები, სპორტული და რეკრეაციული ზონები, ასევე მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება სამი ისეთი პრემიუმ კლასის სასტუმროების ქსელი, როგორებიცაა: Wyndham Residence, Dolce by Windham და Vienna House Living by Wyndham.
River Park Resort-ში წარმოდგენილი აპარტამენტები 46.4 კვ.მ-დან – 128.8 კვ.მ-მდე ფართობს მოიცავს. 1 კვ.მ-ის ღირებულება კი $1 500-ს შეადგენს.