თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი 32%-ით გაიზარდა, რეალიზაცია კი, 22%-ით შემცირდა
52% გაიზარდა გასაქირავებელი უძრავი ქონების ფასი და კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 12.8 დოლარს შეადგენს.
2023 წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თბილისში გასაყიდი საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასი 32%-ით გაიზარდა და კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1177 დოლარი შეადგინა – ამის შესახებ TBC Capital-ი წერს.
აპრილში ასევე 52% გაიზარდა გასაქირავებელი უძრავი ქონების ფასი და კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 12.8 დოლარს შეადგენს.
საანგარიშო პერიოდში 22%-ით არის შემცირებული გაყიდული ქონების რაოდენობა და ის 2512-ს შეადგენს.
რგანიზაციის შეფასებით, აპრილში წინა თვესთან შედარებით უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც გასაყიდი ქონების რაოდენობაზე აისახა და მარტთან შედარებით მათი რაოდენობა 25%-ით არის შემცირებული. გაყიდული ქონების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, გასაყიდი ფასი სტაბილურია და არა მხოლოდ წლიურად, არამედ მარტთან შედარებითაც 32%-ით არის გაზრდილი.
TBC Capital-ის შეფასებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასის ზრდის ტემპი შემცირდა. წინა თვესთან შედარებით ქირის ფასი 1.6%-ით არის შემცირებული, თუმცა 2022 წლის აპრილთან შედარებით ზრდა მაინც 52%-ს შეადგენს. 2512 გაყიდული უძრავი ქონებიდან 416 ახალაშენებული საცხოვრებელია, 2096 კი – ძველი.
აპრილშიც გაყიდული საცხოვრებელი უძრავი ქონებით საბურთალოს რაიონი ლიდერობს. გასაყიდი უძრავი ქონება ყველაზე ძვირი კვლავ ვაკესა და მთაწმინდაზე ღირს. ვაკეში კვადრატული მეტრის ღირებულებამ 1800 დოლარს გადააჭარბა.