პიკმა გადაიარა-უძრავი ქონების გაქირავების ფასები ნელ-ნელა დაბლა იწევს
უძრავი ქონების ექსპერტები ამბობენ, რომ ქირის ფასზე 1,5 თვეა, რაც კლება დაიწყო.
უძრავი ქონების კომპანიის „სიგმას“ მფლობელის ზურა ლაჩაშვილის განაცხადებით, ქირის ფასმა კლება უკვე 1-1,5 თვეა რაც დაიწყო. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი მოთხოვნის შემცირებაა.
„მოთხოვნა ისეთივე მაღალი აღარ არის. ფაქტობრივად, განახევრებულია. ზოგადად ასეა, როდესაც ბაზარზე გარკვეული აჟიოტაჟი ხდება მაშინ ამას თან სდევს ფასების მატება. როდესაც ფასები გარკვეულ პიკს აღწევს მერე არის მცდელობა ამ ფასების შენარჩუნების, მაგრამ ბაზარს თავისი წესები აქვს: მოთხოვნა მიწოდება თუ შეიცვალა ბუმებრივია, იცვლება ფასებიც “, – განმარტავს ზურა ლაჩაშვილი.
საგულისხმოა, რომ TBC Capital-ის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა თებერვლის მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩა. თბილისში სულ 3,328 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 7%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
TBC Capital-ის ინფორმაციითვე მარტში საშუალო გასაქირავებელი ფასი 4.5%-ით გაიზარდა თებერვალთან შედარებით და 13.2$-ს მიაღწია.
წლიურ ჭრილში ქირის ფასის ზრდამ 101% შეადგინა. საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 12.1%-ს გაუტოლდა, რაც 3.7 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება 2022 წლის მარტის მაჩვენებელს.