რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე – გაიზარდა თუ არა თბილისის მოსახლეობა
2023 წლის აპრილში თბილისში ბინების გაყიდვები წლიურად 27%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას უძრავი ქონების სააგენტო Colliers Georgia აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, აპრილში დედაქალაქში სულ 2 537 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. ბაზრის ზომა კი 22%-ით, 141 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
უბნების მიხედვით 1 კვ.მ ბინის ფასი ლარში ასე გამოიყურება:
მთაწმინდა – 4,919;
ვაკე – 4,201;
საბურთალო – 3,344;
ჩუღურეთი – 3,257;
კრწანისი – 3,175;
დიდუბე – 3,004;
ნაძალადევი – 2,928;
ისანი – 2,856;
გლდანი – 2,788;
სამგორი – 2,647.
საქსტატი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს, გამოქვეყნდა საქართველოს მოსახლეობის სტატისტიკა 2023 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3 736 400 ადამიანს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 1.3%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ მოცემული მდგომარეობა მთლიანად ეფუძნება მიგრაციის ნაკადებს და შესაბამისად მოსახლეობის მატებაც რუსეთის ფედერაციიდან უპრეცენდენტო რაოდენობის იმიგრანტების შემოსვლით იყო განპირობებული. წელს საქართველოში 180 ათასი იმიგრანტი შემოვიდა, ხოლო ემიგრანტების რაოდენობა 125 ათასი იყო. შედეგად, დადებითმა მიგრაციულმა სალდომ 55 ათასი შეადგინა.