უძრავი ქონების ბაზარზე ექსპერტები სექტემბრიდან დიდ ცვლილებას ელოდებიან
ზაფხულის სეზონმა, უძრავი ქონების ბაზარზე გავლენა იქონია. ყოველ წელს გაყიდვები ივნისიდან აგვისტომდე იკლებს და სექტემბრიდან სფერო ისევ აქტიური ხდება, წელს გაყიდვების გააქტიურებასთან ერთად შემოდგომიდან უძრავ ქონებაზე ფასების მატებასაც ელოდებიან.
საინტერესოა ერთი ფაქტორი, თუკი გასული წლები უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელებისთვის იყო საინტერესო წელს სულ სხვა სურათია. “მოთხოვნა არის ჩვენი ქვეყნის მოაქალაქეებისგან და შემდეგ აზიის ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ინტერსდებიან არა საცხოვრებელი უძრავი ქონებით, არამედ კომერციული ფართებით, საოფისე სივრცეები აინტერესებთ ძირითადად.” – განაცხადა მედიასთან საუბრისას “ნოუბლ რიალ ისთეითის” თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა.
მისი თქმით, სექტემბრიდან უძრავი ქონების ბაზარზე სხვა სურათს უნდა ველოდოთ.
„სექტემბრიდან, დიდი ალბათობით, სხვა სურათი იქნება უძრავი ქონების ბაზარზე. დაკვირვებამ აჩვენა, რომ სექტემბრიდან, როდესაც დასვენების პერიოდი სრულდება, უძრავი ქონების ბაზარი აქტიურდება. წელს ამას ემატება ისიც, რომ საარჩევნო წელია, რაც ასევე გავლენას ახდენს მოთხოვნაზე. ბევრი განმაპირობებელი ფაქტორია და შესაბამისად, ძალიან კომპლექსური თემაა, რომელზეც კონკრეტული ერთი პროგნოზის გაკეთება რთულია.
რაც შეეხება ფასებს, დეველოპერული კომპანიები ბინების გაძვირებას აანონსებენ, შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა, იყოს ფასების კლების ტენდენცია, არარეალურია. მოლოდინი იმისი უფრო არის, რომ ბინებზე ფასები მოიმატებს“, – განუცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.