ცვლილებები სამშენებლო სექტორში-შენობებს ექსპლუატაციაში ენერგოინსპექტირების გარეშე აღარ მიიღებენ
1 ივლისიდან ძალაში შევიდა ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. ამას „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა ჯერ კიდევ 2020 წელს დაამტკიცა.
ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სამშენებლო ნებართვა აღარ გაიცემა.
რეფორმის შემდეგ ეტაპზე შენობებს ენერგო კლასი მიენიჭება, რომელიც განსაზღვრავს, ენერგოეფექტურობის რა სტანდარტს შეესაბამება შენობა. სტატუსი შენობებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირმა უნდა მიანიჭოს. შესაბამისად, გათვალისწინებულია ახალი პროფესიის შემოღება, რომლის მიერ შენობის ენერგოინსპექტირების სერტიფიკატის გაცემის გარეშე შენობები ექსპლუატაციაში არ მიიღება.
„რეგულაცია ახლა დაწერის პროცესშია. სამი ახალი პროფესია შემოვა, რომელიც იქნება სერტიფიცირებული ან აკრედიტებული, ერთი ეს არის ენერგო აუდიტორი, ასევე ენერგო ინსპექტორი და გაგრილების და გათბობის სისტემის ინსპექტორი. ამ შემთხვევაში საუბარია ენერგო ინსპექტორზე, რომელიც კლასიფიცირებას მიანიჭებს შენობებს.
შენობის ექსპლუატაციაში შესვლისთვის საჭირო იქნება ენერგოინსპექტირება და ენერგო სერტიფიკატის მიღება, რომელზეც მითითებული იქნება რა კლასის შენობაა. ეს შესაბამისი სერტიფიკატი გაკრული იქნება თვალსაჩინო ადგილას, ალბათ შემოსასვლელში და ყველას ეცოდინება რა ტიპის შენობაა, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.” – აცხადებს ერთ-ერთ მედიასთან ვახტანგ ბეგაშვილი, საერთაშორისო ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია INTEC-ის უფროსი მრჩეველი, რომელიც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს.