ცვლილება თბილისის მეტროში-ძირითად ხაზზე ვაგონების რაოდენობა ემატება
თბილისის მეტროს ძირითად ხაზზე (ვარკეთილი-ახმეტელი) 5 ვაგონი დაემატება, რომელმაც ხალხთა ნაკადი გადასასვლელ ხაზზე უნდა შეამციროს და გადაადგილება უფრო მარტივი გახადოს.
ინფორმაცია მუნიციპალური ტრანსპორტის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა გაავრცელა.
„ძირითად ხაზზე (ვარკეთილი-ახმეტელი) დაემატება ვაგონების რაოდენობა – 5 ვაგონიანი იქნება და ესეც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეტროს მომსახურებას. ამასთან, მათ არ ექნება შუაში გადატიხრები და ადამიანებს თავისუფლად შეეძლება გადაადგილება.
მომდევნო კვირაში უკვე გამოვაცხადებთ ბაზრის კვლევას და სწორედ ბაზრის კვლევის დროს გახდება ცნობილი უფრო მეტი დეტალი, როგორიცაა: ვაგონების ტექნიკური მახასიათებლები, მოწოდების ვადები და ა.შ.”- განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერის, თბილისის მერისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული 212 ერთეული ვაგონის შესყიდვა იგეგმება, რაც ჯამში, 45 მატარებელია.