თსუ ვაკეში ახალ კორპუსს ააშენებს – კამპუსის პროექტირების კონკურსი ცხადდება
თსუ-ის ცნობით, ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის გამოცხადდება ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
საპროექტო კონცეფცია უნდა შემუშავდეს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტისა და მახასიათებლების გათვალისწინებით.
გამარჯვებულ საკონკურსო წინადადებას გამოავლენს პროფესიონალი არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეების და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია. საპროექტო სამუშაოს შესრულების ვადა დაიყოფა 4 ეტაპად. კონკურსის დასრულების საბოლოო ვადა 10 ივლისია. დამატებითი საკონკურსო დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.ახალი შენობა, რომელსაც სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულება ექნება, უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.
თსუ – კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს საქართველოს ერთ–ერთი უპირველესი სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებაა.