წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება
წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციის შესახებ კახა კალაძემ დღევანდელ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მასშტაბური პროექტის სამუშაოები აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება.
თბილისის მერის განმარტებით, გამზირის რეაბილიტაციასთან ერთად იგეგმება შალიკაშვილის ხიდის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია-განახლებაც: “„აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, დაიწყება აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის რეაბილიტაცია. განხორციელდება წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ასევე, შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. კარგად გვესმის, თუ რამდენად დიდი პრობლემაა ამ გამზირის გადაკეტვა, რომელიც დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, ძალიან დიდ დისკომფორტს გამოიწვევს. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შეუძლებელია ამ მასშტაბის რეაბილიტაციის ჩატარება ისე, რომ გამზირის დროებით გადაკეტვა არ მოხდეს. მოსალოდნელი დისკომფორტის გამო, ვფიქრობდით, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, თუმცა ეს წყალში გადაყრილი თანხები იქნება. შემდეგ კი რთული იქნება საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ გუშინ ჩატარებული რეაბილიტაციის მიუხედავად, გამზირი დღეს ისევ პრობლემურია. ამიტომ, ერთად უნდა გავიჭირვოთ და გავაკეთოთ ის, რაც აუცილებლად გასაკეთებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის ბიუჯეტიდან 2023 წელს 80%-ით, ხოლო 2024 წელს 20%-ით დაფინანსდება.