დედაქალაქში მიმდინარე პროექტი, წერეთლის რეაბილიტაცია დასრულდა, დარჩა მხოლოდ გამწვანების სამუშაოები
კახა კალაძის განცხადებით, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად დასრულებულია. მერის განმარტებით დარჩენილია მხოლოდ გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
“წერეთლის გამზირზე სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ მოგვიწია განცხადების გაკეთება. ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა ავტომობილებს თავისუფლად ჰქონოდათ გადაადგილების საშუალება და ვთქვით, რომ მარტის ბოლოსთვის დასრულდებოდა სხვა დანარჩენი სამუშაოები, ეს იყო გარე განათების ახალი ბოძების მონტაჟი, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, ნარჩენების მიწისქვეშა ურნების მოწყობა, ანუ ყველაფერი, რაც იყო გასაკეთებელი, მარტის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. იყო გარკვეული ხარვეზები, რომლებიც საჭიროებდა გამოსწორებას. დღეს კი წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია”, – განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე რამდენიმე კომპანიამ იმუშავა, მათგან “ერ ტე დეს” (9 მლნ ლარი) და “მილენიუმ ბილდერ გრუპს” (22 მლნ ლარი) ხელშეკრულებები 16 იანვარს შეუწყდათ, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამუშაოების უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულება გახდა. ამის შემდეგ კი, თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 4 კონტრაქტი გააფორმა.