როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია?
წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პროვაიდერი კომპანიების გარდა, რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამუშაოები, სარეაბილიტაციო არეალის მასშტაბიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს.
„გუშინდელი დღიდან, 18 აპრილიდან, წერეთლის გამზირსა და ე.წ. დიდუბის ხიდზე დავიწყეთ შესაბამისი ბარიერებით კონკრეტული სარეაბილიტაციო არეალის შეზღუდვა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მთლიანი მონაკვეთი შეიზღუდება. ღამის განმავლობაში კი მოხდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ობიექტზე გადმოყვანა. ხვალ დილიდან დაგეგმილი გვაქვს, დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, ეს იქნება 24-საათიან რეჟიმში, ვინაიდან ვიცით, რომ სარეაბილიტაციო არეალი საკმაოდ მასშტაბურია და წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური გამზირი არის ქალაქისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონკრეტულად იმ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაობი. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ, ღამის განმავლობაშიც ვაწარმოოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები.” – განაცხადა ბენდელიანმა