რა ხდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესზე და რატომ შეწყვიტა მერიამ კონტრაქტორებთან თანამშრომლობა
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტზე არსებული ხელშეკრულებები გაწყვიტა. მერიის განცხადებით, არსებულმა კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. აქამდე გაცხადებული გეგმით რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში ახალმა კონტრაქტორმა პროექტი 31 იანვრამდე უნდა დაასრულოს.
თბილისის მერია საკუთარი ლაბორატორიიდან მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ რეაბილიტაცია სამ ლოტად მიმდინარეობდა, აქედან ორ ლოტზე (ღირებულებით 22.2 მილიონი ლარი) სამუშაოებს “მილენიუმ ბილდერს გრუპი” ახორციელებდა, ხოლო კომპანია “ერ ტე დე” ერთ ლოტზე მუშაობდა, ღირებულებით 9 მილიონი ლარი.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის 20 მაისიდან დაიწყო, სამუშაოების დასრულების ვადა ორჯერ გადაიწია, თუმცა როგორც ჩანს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა რის გამოც მერიას თანამშრომლობის გაწყვეტა მოუწია არსებულ კომპანიებთან.