1-ლი აპრილიდან წერეთლის გამზირზე ზონალური პარკინგი ამოქმედდება
აკაკი წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება.
ადგილობრივი მცხოვრებლები ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლას და სხვა საჭირო ინფორმაციის მიღებას 1-ელი მარტიდან მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებენ.
„სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედგება, უმნიშვნელოვანეს რეფორმას ვახორციელებთ. ერთ-ერთია ზონალურ-საათობრივ პარკირება, რომლის ამოქმედებაც ქალაქის სხვადასხვა რაიონში, უბანსა და ქუჩაზე ეტაპობრივად იგეგმება. ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივებმა აუცილებლად უნდა დაარეგისტრირონ თავიანთ საკუთრებაში არსებული ავტომობილები, რადგან ბევრია შემთხვევა, რომ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ საცხოვრებელთან მანქანა გააჩერონ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და „A” კატეგორიის ტაქსებისთვის. სხვა შემთხვევაში, ტარიფის ღირებულება უცვლელია და შეადგენს 1 საათი – 1 ლარს. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს შეუძლია, დღე-ღამის განმავლობაში, ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე პირველი 15 წუთით ისარგებლოს უფასოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.