ფოტოფაქტი: წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. დიდუბის ხიდზე ვითარება კრიტიკულია
როგორც მერიაში გვპირდებოდნენ, წერეთლის გამზირის ნაწილი, მათ შორის შოთა შალიკაშვილის (დიდუბის) ხიდი, სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილია. „დიდუბის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბულმა ვითარებამ, კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. რობაქიძის გამზირზე, ქალაქის ცენტრამდე მოძრაობისას, მდინარის ხიდზე გზის შევიწროების გამო საცობი წარმოიქმნა.
რუქებზე მითითებულია, რომ მოძრაობა გადატვირთულია, როგორც რობაქიძის, ასევე მიმდებარე მარშალ გელოვანის გამზირზე: მძღოლების ნაწილი დიდუბის ხიდზე შესვლას თავს არიდებს და სწორედ ამის გამო, პარალელური გზატკეცილი გადაიტვირთა.



ახლა ხიდის ნახევარი გამოიყენება ერთდროულად ორი მიმართულებით, მეორეზე კი ასფალტის ზედა ფენა უკვე აღებულია:



ხიდი ბოთლის ფორმას დაემსგავსა. რობაქიძის ოთხი სავალი ნაწილი ერთ ზოლში ერთიანდება:


არც საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღარ აქვს უპირატესობა: თუ ავტობუსები რობაქიძის გასწვრივ გამოყოფილ ზოლში მოძრაობენ, შემდეგ მათ მაინც უწევთ ავტომობილების ნაკადს შეუერთდნენ.

ვიღაც ალტერნატიულ მეთოდს იყენებს და ცდილობს საცობებს თავი მაღალსართულიანი კორპუსების ტერიტორიის გავლით დააღწიოს.

შალიკაშვილის ხიდი 1953-1954 წლებში ინჟინერ დიდიძისა და არქიტექტორ ქურდიანის პროექტის მიხედვით აშენდა და საქართველოს სამხედრო გზატკეცილის მხრიდან, ქალაქის მთავარ შესასვლელად იქნა დანიშნული. დიზაინში გამოყენებული იყო მრავალი დეკორატიული ელემენტი: ჩამოსხმული გისოსი, მოჩუქურთმებული ქვის დეტალები (სამაგრები, როზეტები). ფასადები მოპირკეთებულია ყვითელი ბოლნისის ტუფითა და რუხი სიანის გრანიტით.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება – მერია ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას აპირებს. რეაბილიტაციისთვის 28,4 მლნ ლარი გამოიყო. შალიკაშვილის ხიდი კი ექვს თვეში უნდა განახლდეს.