ცათამბჯენები მწვანე კონცხზე-რა გადაწყვეტილება მიიღო ბათუმის საკრებულომ
3 მაღალსართულიანი კოშკი მწვანე კონცხზე, ბათუმის რეკრეაციულ ნაწილში ცათამბჯენების აშენების შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ დღეს მიიღო.
თავდაპირველად მწვანე კონცხზე 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმებოდა, რასაც ბათუმელების პროტესტი მოჰყვა, მოგვიანებით სამშენებლო გეგმა, 5 ცათამბჯენით შეიცვალა, ხოლო დღევანდელ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე 3 კოშკის აშენება გადაწყდა, როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცვლილება არქიტექტურულ კომპოზიციას უფრო მსუბუქს გახდის.
„მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის N76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილება ეხება შპს „ბათუმი რივიერა“ – სილქ თაუერსის პროექტს და ითვალისწინებს კონკრეტულ ტერიტორიაზე 5 მაღალსართულიანი კოშკის ნაცვლად 3 შენობის მშენებლობას, რაც არქიტექტურულ კომპოზიციას უფრო მსუბუქს გახდის, შენობების კონფიგურაციის ცვლილება გააგრძელებს ქალაქის ურბანულ ქსელს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებას ბათუმელები, ნეგატიურ კონტექსტში განიხილავენ, რადგან მიჩნიათ, რომ ქალაქის ისედაც დაკარგულ იერ-სახეს, ერთადერთ მწვანე ადგილს კონკრეტული მშენებლობა დაამახინჯებს.