ცათამბჯენები ბათუმის კონცხზე-ისტერიული მშენებლობა, ზღვისპირა ქალაქის შემოგარენში ინაცვლებს
ბათუმში, სადაც წლებია ისტერიული მშენებლობა და განაშენიანება მიმდინარეობს, ნელ-ნელა ბუნებრივია სამშენებლო ადგილები იწურება, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი პირვლანდელი იერ-სახის მკვეთრ ცვლილებაზე, რამაც ძველი ბათუმის არსებობა თანდათან გააქრო მეხსიერებიდან. ახლა კი, როგორც ჩანს ქალაქის შემოგარენის ჯერიც დადგა და ბათუმის ყველაზე მწვანე ადგილას ცათამბჯენების მშენებლობა იწყება.
ბათუმის კონცხზე „რივიერა“ 3 თაუერს ააშენებს. მათგან ყველაზე მაღალი 240 მეტრი სიმაღლის იქნება [70 სართული], მეორე – 205 მეტრი [55 სართული] და მესამე – 150 მეტრი [39 სართული].
საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკების ქსელი, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში ასევე შეითავსებს სამაშველო გზის ფუნქციასაც, სახანძრო და სასწრაფო მანქანების მომსახურებისთვის. კონკრეტულ შენობებთან მანქანების მიდგომა ტერიტორიის ირგვლივ არსებული გზიდან მოხდება.
დამატებით გაკეთდა ადგილის ქარის, კლიმატის და დღის შუქის კვლევა შენობებთან მიმართებაში, შესაბამისად განაწილდა შენობების ახალი კონფიგურაცია.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის კონცხის განაშენიანებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაცია ქალაქის მერიამ საკრებულოში გადააგზავნა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მერიამ დოკუმენტები უკან გაიხმო და ის საკრებულოში განსახილველ საკითხთა ნუსხაში დღევანდელი მდგომარეობით არ არის.