ტიფლისური აივნები
ადამიანი შეჩვეულ სილამაზეს იშვიათად აღიქვამს, თუმცა ძველ თბილისსა და მოჩუქურთმებულ, ხის აივნებს ეს არ ეხება...
ადამიანი შეჩვეულ სილამაზეს იშვიათად აღიქვამს, თუმცა ძველ თბილისსა და მოჩუქურთმებულ, ხის აივნებს ეს არ ეხება - ის მუდამ გაოცებას იწვევს დედაქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შორის. როგორც ამბობენ, ეს ძველი თბილისის კულტურული მრავალფეროვნების შედეგია, მთავარი ხიბლი კი, ალბათ, იმ სიყვარულშია, რითიც ქალაქი შენდებოდა.
ძველი თბილისის ისტორიული ნაწილი, წლების განმავლობაში იცვლიდა იერსახეს, რაც განპირობებული იყო სიძველით, უყურადღებობით, ადამიანის დაუფიქრებელი ჩარევით. თუმცა, მრავალმა ისტორიულმა შენობებმა თავისი განსაკუთრებული იერსახე დღევანდლამდე შეინარჩუნა და დღევანდელ რეალობაშიც, ამ პატარა ქალაქში, საკუთარი თავი მაინც დაიმკვიდრა. საბედნიეროდ, თბილისში ჯერ კიდევ არსებობს ძველი ქუჩები და ამ ქუჩებზე არსებული შენობები, განსაკუთრებული აივნებით. აივნებით, რომელებიც ინახავენ დედაქალაქის ისტორიას და საშუალებას გაძლევენ იყო ამაყი შენივე ქალაქის დანახვისას, რომელიც გგონია, რომ კარგად შეისწავლე, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. შენივე ქალაქში შენდა გასაოცრად, უცხოელ ტურისტთან ერთად, შეიძლება აღმოაჩინო ის სილამაზე, რომლის გვერდითაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარე.
ძველი თბილისის მთელი ხიბლი ასე გამოიყურებოდა… ერთ ეზოში თავმოყრილი მრავალენოვანი მოსახლეობა ურთიერთობას მოჩუქურთმებული აივნებიდან ამყარებდა. ეს აივნები ქართველების ცხოვრებაში შორეული წარსულიდან ფიგურირებდა. ქართველი ხით ხუროების შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი არაერთხელ გამხდარა ქართველი თუ უცხოელი პოეტების შთაგონების წყარო.
ვუკოლ ბერიძის ქუჩის 1/5 ნომერთან თუ მოხვდებით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს შენობის კედელზე წარწერა. აბრის თავზე კი დაინახავთ მოჩუქურთმებულ ხის ძველებურ აივანს, რომლის სვეტებიც საუცხოოდ ერწყმის აივნის სახურავსა და მოაჯირს. მისი დანახვისას თითქოს, თვალწინ წარმოგიდგებათ ამ აივანზე ერთ დროს გადმომდგარი ეროვნული გმირი ილია ჭავჭავაძე.
ამავე შენობას აქვს პატარა არკა, იმდენად ღმა, რომ უსასრულობის შეგრძნებას გიტოვებთ. თითქოს ამ არკის გავლას ნახევარი საათი მოანდომე, არადა სულ ათიოდე ნაბიჯია, ადგილამდე, სადაც თურმე საოცარი, სტუმართმოყვარე თბილისელები ცხოვრობენ. ადამიანები, რომლებსაც ამ აივნების ისტორიის გახსენება უსაზღვროდ აბედნიერებთ.
ეთერი 85 წლისაა. ის აქ დაიბადა და გაიზარდა. გვიყვება, რომ თბილისურ ეზოებში მდებარე შენობები 100 წელზე მეტს ითვლის. ქალბატონი იმ საოცარ ურთიერთობებსაც იხსენებს, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს აერთიანებდა. იეზიდები, სომხები, ოსები და ქართველები ერთმუშტად შეკრული, ბედნიერებასა და გაჭირვებაში ერთმანეთს ამ აივნებზე შეაბერდნენ. აქვეა ეთერის შვილი ნანა, რომელიც დედასა და ბიძას ყოველდღე სტუმრობს და ოცნებობს მათ გევრდით აივნიანი ბინის ყიდვას. ამავე ეზოში მაცხოვრებელი გარიკა კი გვიყვება, რომ დღეს აქ ბინის შეძენა საკმაოდ ძვირია.
ძველად თბილისი ბანიანი ქალაქი ყოფილა. როგორც მოგზაურები ჰყვებიან დედაქალაქი ისე შეგეძლო მოგეარა, რომ მიწაზე ფეხი არ დაგედგა. თბილისელები ლაღი და გახსნილი ხალხი ყოფილა. უყვარდათ ერთმანეთთან ურთიერთობა, წვეულებები, რომლებიც ძირითადად სახლის სახურავებზე „ბანებზე“ იმართებოდა. XIX საუკუნის დასაწყისში აღა მაჰმად ხანის მიერ გადამწვარი ქალაქი ამიერკავკასიაში მეფის რუსეთის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. იმპერიამ თბილისის ევროპული სტილის გარდაქმნა გადაწყვიტა და „ბანები“ აკრძალა. ქალაქმა ახალი არქიტექტურა ვერ იგუა და დაიწყო მისი გადმოსხვაფერება, გადმოქართულება. აქაურებმა საჯარო სივრცის ახალი ფორმა – „აივნები“ მოიფიქრეს.
XIX საუკუნის ორმოციან წლებში რუსული კლასიციზმის, ადგილობრივი ტრადიციებისა და აზიური სტილის შერწყმა-გადამუშავების საფუძველზე ჩამოყალიბდა, საცხოვრებელი სახლების აივნების განსაკუთრებული სტილი, რომლებსაც შემდგომ „თბილისური აივნები“ დაარქვეს.
მთის კალთებზე შეფენილი სახლების აივნები მოზაიკას მოგაგონებთ, რომელიც შორიდან, ხელით ნაქარგ, მრავალფეროვან ხალიჩებს წააგავს. როგორც 1979 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში – „ხის აივნები ძველი თბილისის არქიტექტურაში“ ხელოვნებათმცოდნე რუსუდან ვაშალომიძე წერს, თბილისისთვის ამგვარი ინდივიდუალური ნიშნებია უსწორმასწორო რელიეფი, მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ქუჩები, უცნაური კონფიგურაციის დახურული ეზოები და მათი განუყრელი ხის აივნები; მტკვრის ციცაბო კლდოვანი ნაპირი და მასზე მერცხლის ბუდესავით ჩამწკრივებული სახლები, მდინარეზე გადაკიდული, ასეთივე ხის აივნებით.
ეს აივნები სხვადასხვა ეროვნების მეზობლებს შორის, განსაკუთრებული კომუნიკაციის საშუალება იყო. ადგილობრივი მაცხოვრებლები გვიყვებიან, რომ აივნებიდან დილა თბილი, მეზობლური სახუმარო შეძახილებით იწყებოდა: „ადექი აშენდა ქვეყანა“. ამ აივნებიდან ერთმანეთს გაჭირვების ჟამს, ხელსაც უწვდიდნენ . ცხელი კერძები, რომლებიც თითოეულ ოჯახში მზადდებოდა, ერთ გაჭირვებულთან იყრიდა თავს. ბანების შემდეგ, სწორედ ეს აივნები გამხდარა შეკრებისა და მოლხენის ადგილი. ეროვნებით სომეხი 89 წლის სირანა ძველ თბილისში ცხოვრების წლებს იხსენებს. ბავშვობიდან დღეების უმეტეს ნაწილს ოჯახი აივანზე ატარებდა. საუზმე, შეხვედრები, ქორწილები და თანაცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ, აქ იმართებოდა. „კარგ ნათესავს ცუდი მეზობელი სჯობს“ – აცხადებს სირანა kalaki.ge-ისთან საუბარში, თუმცა მისივე თქმით, ძველი მეზობლების დიდმა ნაწილმა სახლები გაყიდეს, შესაბამისად ძველი ურთიერთობაც მივიწყებას მიეცა.
ალექსანდრე დიუმას ქუჩა, თავისუფლების მოედნიდან კოტე აფხაზის მიმართულებით პირველივე გადამკვეთი ქუჩაა ხელმარცხნივ. ეს ის ადგილია, რომელიც თავს სხვა სამყაროში გაგრძნობინებთ. აქ თითქმის ყველა სახლს სიძველისგან გაცრეცილი ხის აივნები ამშვენებს. უმალ თვალწინ წარმოგიდგებათ რა საოცარი იქნებოდა ეს აივნები თავის ეპოქაში. პარალელს თუ გავავლებთ და გავიხსენებთ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, სამეგრელოს, იმერეთის და რაჭის შემორჩენილი სახლების აივნებს, კავშირი აშკარაა. სწორედ, მოხარატებული აივნის ტრადიცია დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი საცხოვრისის ოდა სახლებიდან მოდის. ცნობილია, რომ ჭვირული აივანი აღმოსავლეთ საქართველოში, სწორედ დასავლეთ საქართველოდან მოგზაური ოსტატების მიერ გავრცელდა. ამ აივნების ესთეტიური ღირებულების გარდა, აქ წარმოდგენილ ორნამენტებს აქვთ თავიანთი სიმბოლური მნიშვნელობებიც.
დიუმას ქუჩაზე შეხვდებით საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც გამოირჩევა მდიდრულად მოხარატებული ორმაგი საფასადო აივნებით. ამ სახლების ძირითადი ნაწილი XIX საუკუნის II ნახევარშია აგებული. ამ ეზოებში ასევე ნახავთ თბილისური ეზოსთვის დამახასიათებელ რკინის სპირალურ კიბეებს, რომელიც მეორე სართულს უკავშირდება. დიუმას №13-ში მდებარეობს 1840 წელს აგებული ორსართულიანი სახლი. ის თავისი მაღალმხატვრულობით გამოირჩევა მიმდებარე განაშენიანებაში. საცხოვრებელ სახლს გააჩნია ორი სხვადასხვა სტილის ფასადი ქუჩის და შიდა ეზოს მხრიდან. შეულესავი აგურის სადა ფასადს თაღებიანი, დღეს უკვე შემინული ხის აივანი ამკობს. ეზოსკენ მიმართული ფასადი ძალზე დეკორატიულია. პირველი სართულის ხის მრგვალ სვეტებს მეორე სართულის ფერადმინებიანი, მუშარაბიანი შუშაბანდი ეყრდნობა, რომლის თაღედის შუა ნაწილი ნახევარწრიულია, ხოლო კიდეები – შეისრული.