თბილისური მოზაიკები – წავშალოთ თუ გავუფრთხილდეთ ქართულ მოტივებზე შექმნილ საბჭოთა სიმბოლიკას
მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი სახეობაა - „მოზაიკა“, რომელიც განსაკუთრებული ფერადოვნებით გამოირჩევა.
მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი სახეობაა - „მოზაიკა“, რომელიც განსაკუთრებული ფერადოვნებით გამოირჩევა. ის იქმნება წვრილ-წვრილი ფერადი ქვების, მინის, ბროლის ან სხვა გამჭვირვალე მასალისაგან, რომელსაც აწებებენ ნიმუშისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე. მოზაიკურ ტექნიკას იყენებენ კედლების, ჭერისა და იატაკის შესამკობად.
ცნობილია, რომ უადრესი მოზაიკური ნიმუში მესოპოტამიაში შეიქმნა, რომელიც ძვ.წ. მესამე ათასწლეულს მიეკუთვნება. ასევე მას წარმატებით იყენებდნენ ირანში, სადაც აქემინიანთა დინასტიის დროს, „დარიოსის სასახლე“ მოზაიკებით შეიმკო. ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების შემდეგ ის საბერძნეთსა და რომში გამოჩნდა. დიდი ინტერესით ეკიდებოდნენ მას ბიზანტიაში, სადაც წმინდანთა გამოსახულებები რავენის ტაძრებში, სწორედ მოზაიკებით შეიქმნა.
საქართველოში მოზაიკის ბუმი დაახლოებით, 60-იანი წლებიდან დაიწყო. 50-იან წლებში, ხრუშჩოვის დროს, მასობრივად შენდებოდა ტიპური ნაგებობები, რომლებიც მაქსიმალურად მცირე დროში უნდა აშენებულიყო. მათ გარეგნულ იერსახეზე ზრუნვა არ იყო პრიორიტეტული და დეკორაციაზე თანხა არ იხარჯებოდა. ხრუშჩოვის მმართველობის ბოლოს და ბრეჟნევის ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდგომ, იწყება ფასადებზე აქცენტის დასმა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ესთეტიკური თუ იდეოლოგიური დატვირთვისა, მოზაიკა იყო მხატვრებისათვის „ფულის შოვნის“ ერთადერთი საშუალება. იმ დროს, მონუმენტურ ხელოვნებაში დიდი შეკვეთის მიღება, საკმაოდ სოლიდურ ჰონორარს გულისხმობდა.
საქართველოში, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის უმეტეს ქვეყნებში, მე-20 საუკუნის მოზაიკა, უმეტესწილად, ასოცირდებოდა საბჭოთა რეჟიმთან და პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად განიხილებოდა.
საბჭოთა პერიოდის მოზაიკები, ძირითადად, ავტობუსის გაჩერებებზე, ქალაქების და სოფლების შესასვლელებში, შენობებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საბჭოთა დროს აშენებული ქარხნების ფასადებზე გვხვდება.
მოზაიკის კონკრეტული თემა, ძირითადად, იმ შენობის ფუნქციით განისაზღვრებოდა, რომელზეც ის იყო განთავსებული. საწარმოების ფასადებზე მოზაიკები, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო პროგრესსა და შრომას ადიდებდნენ, სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტების ფასადზე კი, შესაბამისი საქმიანობის ამოკითხვა იყო შესაძლებელი. თავად მოზაიკები, რომლებიც სხვადასხვა პროფესიის საბჭოთა მშრომელებს ასახავდნენ, სხვადასხვა საწარმოებისა და დაწესებულებების სარეკლამო ბანერების ფუნქციასაც ასრულებდნენ.
საქართველოში პირველი საბჭოთა მოზაიკები გვხვდება თბილისში, ყოფილ „სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე“, ამჟამინდელ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე. აქ 1961-63 წლებში შექმნილი ხუთი მოზაიკური ნამუშევარია თავმოყრილი. დაწყებული გურამ კალანდაძის გრაფიკული და მინიმალისტური მოზაიკიდან აქ არის ლეონარდო შენგელიას ტექნოლოგიური პროგრესის განდიდება, ალიკო გორგაძისა და თეზო ასათიანის სოციალისტურ რეალისტური პანო ეროვნული მოტივებითა და კუკური წერეთლის აბსტრაქტული გრაფიკული გამოსახულებები.
მხატვარ – მონუმენტალისტ ნუგზარ მეძმარიაშვილის მოზაიკა თბილისის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში „პრომეთეს მითის“ მოტივებზეა შექმნილი. პრომეთეს ქართულ მითოლოგიაში „ტყუპისცალი ძმა“ ჰყავს – ამირანი, რომელიც ქართველი ერის, მისი გაჭირვებისა და გადარჩენისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ითვლება.
მოზაიკა, სახელწოდებით „პრომეთე“ გახლავთ მხატვრის სადიპლომო ნამუშევარი და 1971 წლიდან ამშვენებს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზს.
ზოგ შემთხვევაში შენობის დაგეგმვისთანავე იყო გათვალისწინებული მოზაიკის ფასადი. მაგალითად, სავაჭრო კულტურის ცენტრისა და ლაგუნა ვერეს საცურაო აუზის შემთხვევაში. ორივე ჯერზე უზარმაზარი ფასადური მოზაიკა თავიდანვე იყო ჩაფიქრებული.
ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროსადგურის გაფორმება უნიკალურია, რადგან მოზაიკისა და სმალტის სკულპტურების ნაზავია. მეტროსადგურის კომპოზიციის ერთ-ერთი ავტორი გამოცენილი ხელოვანი რადიშ თორდიაა. იგი ჩანაფიქრის სრულყოფაზე, იდენ ტაბიძესა და აპოლონ ხარებავასთან ერთად მუშაობდა. ეს მოზაიკა 1979 წელს შეიქმნა და მას შემდეგ რადიშ თოდრიას სხვა მოზაიკაზე აღარ უმუშავია.
ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა“ აღმაშენებლის გამზირის #61-ში:
#63 ბაგა-ბაღი – ნუცუბიძის ქ. #40ა:
სამაშველო სამსახური – სულხან ცინცაძის ქ. #6:
სატყეო მეურნეობის სამინისტროს შენობის ყოფილი ლაბორატორია, ამჟამად გამოცდების ეროვნული ცენტრი – ელიზბარ მინდელის ქ. #9:
ეს კი ბელიაშვილის ქუჩაზე, მიკროტექნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტისა და „მიონის” ქარხნის ყოფილი შენობა გახლავთ. ყოფილი „მიონის“ შენობის ფასადის ერთ მხარეს ათწლეულების წინ გაკეთებული მოზაიკის დაზიანების შესახებ ცნობილი, 2022 წლის 14 ნოემბერს გახდა. შენობის მფლობელმა კომპანიამ მოზაიკური პანოს ფასადზე ფანჯრები გამოჭრა. საბჭოთა დროინდელი მოზაიკა დღეს ასე გამოიყურება:
ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული მოზაიკის განადგურება არა მისი პროპაგანდისტული, საბჭოთა დატვირთვიდან გამომდინარე ხდება, არამედ ნამუშევრები ნადგურდება დროსთან ერთად, ან მას კონკრეტული ინდივიდები, სხვადასხვა მიზნით, ხშირად კი სრულიად უმიზეზოდაც, აზიანებენ.
საქართველოში შემორჩენილი საბჭოთა მოზაიკებიდან მხოლოდ ნაწილს აქვს მინიჭებული ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლის სტატუსი და მხოლოდ მათ იცავს სახელმწიფო, ნაწილი კი დღემდე განსაკუთრებული მეთვალყურეობის გარეშეა დარჩენილი.
სპეციალისტების აზრით, საზოგადოების ნაწილისთვის შესაძლოა მიუღებელი იყოს საბჭოთა სიმბოლიკის გამომხატველი მოზაიკები, თუმცა მიდგომა არასწორია, რადგან საბჭოთა კავშირში უამრავი რამ შეიქმნა, რაც ღირებულად ითვლება. თუ მოზაიკებს ჩამოვშლით იმ ლოგიკით, რომ ეს საბჭოთა დროინდელია და მისი პროპაგანდის გამტარია, მაშინ ყველაფერი უნდა დავანგრიოთ, წიგნები გადავყაროთ, მუსიკალური ნაწარმოებები გავანადგუროთ, რაც მაშინ შეიქმნა. ამ ისტორიის ასე ამოშლა არასწორია იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის ნაწილი ვიყავით, ამას უნდა გავუსწოროთ თვალი და უბრალოდ გადავიაზროთ ეს პერიოდი. ნამუშევრების წაშლა კი არაფერს მოგვცემს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოზაიკების უმრავლესობა არა საბჭოთა სიმბოლიკას, არამედ სწორედ ქართულ მოტივებს ეხმიანებოდა. რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი მოზაიკებიც, სადაც იდეოლოგიური გზავნილებია, თუმცა მეტი წილი, ისინი ქართული სიმბოლიკით და კუთხური ელემენტებითაა დატვირთული.