თბილისური აბანოს 700 წლიანი ისტორიის ტრაგიკული დასასრული
ძველი თბილისის, ორთაჭალის ბაღებში დაწყებული ქეიფი და დროსტარება, აბანოებით მთავრდებოდა...
ძველი თბილისის, ორთაჭალის ბაღებში დაწყებული ქეიფი და დროსტარება, აბანოებით მთავრდებოდა. აქ ქალებისა და კაცებისათვის საბანაოდ, დღეები იყო გამოყოფილი. ქალები უმაკიაჟოდ მიდიოდნენ და მთელ დღეს აბანოში ატარებდნენ, სადილობდნენ და ჩაისაც იქ მიირთმევდნენ. იყო ფაქტები, როდესაც სადედამთილოები სარძლოებს საგულდაგულოდ არჩევდნენ. აქ ნათლად იკვეთებოდა ქალის სილამაზეცა და ნაკლიც.
ეს კი უცხოელი სტუმრების თვალით დანახული თბილისური აბანოებია:
„აქ წყალი უცეცხლოდ დუღდა. საოცარი რამ ვნახე, ღვთისგან შექმნილი ბუნებრივი ცხელი წყლის აუზები, სადაც ხალხი ბანაობს, მათ შორის ქრისტიანები და მუსლიმებიც. სხეულს თურქული ქისებით იბანენ და არა აბანოს ცოცხებით. იქ არ იციან, რა არის ცოცხებით ბანაობა”;
“დღეს წავედი აქაურ აბანოებში, საზოგადო აბანოში შესვლა ვერ გავბედეთ. ტიტველა ხალხი ჭიანჭველასავით ირეოდა”;
„თბილისში უამრავი წყარო და ნაკადული გადმოედინება მთიდან, მათგან დაახლოებით 70-80 წყარო ცხელია. ძველ დროში ყოველი ხელმწიფე, მუსლიმი თუ ქართველი ამ ცხელ წყლებზე გუმბათებს აგებდა და ბანაობდა“.
„დაბადებიდან არ შევხვედრივარ… თბილისის აბანოებზე უფრო დიდებულ რამეს“ – ეს სიტყვები კი სწორედ ა.პუშკინს ეკუთვნის, რომელიც გოგირდის აბანოებს 1829 წელს სწვევია.
ისტორიული წყაროების თანახმად, XVII – XVIII საუკუნეებში ტფილისის აბანოებს უკვე მთელი უბანი ეჭირა და ამის გამო, აბანოთუბანი ეწოდა. ეს უბანი დღემდე ერთ-ერთ ხალხმრავალ და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად ითვლება.
საჭირო არაა იყო ტურისტი, აბანოების დანახვა თითიოეულ ჩვენგანს უჩვეულო განცდას გვიტოვებს, სიამაყის, რომ ამხელა საგანძურს ფლობ.
თბილისური აბანოები აბანოთუბანში დღევანდელი გორგასლის ქუჩასა და ჰეიდარ ალიევის სკვერის სიღრმეშია განლაგებული და გამვლელთა ყურადღებას, ნახევრადსფერული გუმბათის ფორმის გადახურვებით იპყრობს. აბანოების ქუჩას კი ცნობილი „ჭრელი აბანო” ანუ „ორბელიანების აბანო” კეტავს. მისი ფასადი და მთლიანად ეს უბანი, უფლებას გვაძლევს, აღმოსავლურ სტილსა და ისლამურ არქიტექტურაზე ვისაუბროთ.
აბანოებს, ძირითადად, ირანული არქიტექტურის კვალი ეტყობათ (ეს XVII საუკუნის თბილისის არქიტექტურის მნიშვნელოვანი თვისებათაგანია). XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლურ ყაიდაზე გადაკეთდა ე.წ. “ჭრელი აბანო”, სახელწოდება სხვადასხვა ფერის ფილებისგან მიიღო, რომლებითაც მოპირკეთებულია მინარეთის მსგავსი კოშკებით დაგვირგვინებული მისი პორტალი.
შუა საუკუნეებში ქალაქში არ მოხვედრილა არც ერთი არაბი თუ სპარსი მოგზაური ან გეოგრაფი, თავის ნაშრომებში, თბილისური აბანოების აღწერისთვის ვრცელი ადგილი რომ არ დაეთმოს.
თბილისურ აბანოებს არსებობის მანძილზე სახელი არაერთხელ შეუცვალეს, მისი მფლობელების მიხედვით. მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება ქუჩების, სკვერებისა თუ პარკების შემთხვევაში, ახალი სახელები ვერა და ვერ დამკვიდრდა, ხალხი თითქმის მაინც ძველი სახელით მოიხსენიებს მათ.
აბანო მექისეს გარეშე წარმოუდგენელია. მათი დიდი ნაწილი აზერბაიჯანელია. რომ არა მექისეს, ანუ მეაბანოეს ხელოვნება, ალბათ, თბილისური აბანოც ვერ იქნებოდა ასეთი პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ამ საქმის სერტიფიკატი არ აქვთ, მასაჟის ტექნიკას ვირტუოზულად ფლობენ, რადგან ეს ცოდნა შთამომავლობით გადაეცათ. მექისე ადამიანებთან ურთიერთობისას უამრავ საიდუმლოს ფლობს, მაგრამ აბანოში გაგონილი, იქვე აბანოში რჩება.
ეს ადგილი ლეგენდაა – აბანოში თუ არ ყოფილხარ, კვირაში ერთხელ გოგირდის წყალში თუ არ განბანილხარ, მაშინ არაფერი გაგეგება თბილისისა. ეს ხომ თბილისელად განათვლის ადგილია.
სად იკარგება რიტუალები? რატომ გვავიწყდება, რომ გოგირდის წყალი ბრენდია და ისეთივე ბრენდი, როგორიც სხვა მრავალი ქართული ბრენდი? რატომ გამოთქვამენ წუხილს აბანოების გაქრობაზე სოცილურ ქსელში ადამიანები? რა ხდება აბანოების ირგვლივ ატეხილ აჟიორაჟზე და იხურება თუ არა დედაქალაქელებისთვის უდიდესი ტრადიციის მატარებელი აბანო? ამ მშვენიერ ისტორიასა და კულტურულ-მატერიალურ თუ არა მატერიალურ მემკვიდრეობას დასასრული ელოდება? – სოციალური ქსელებში ჩვენი ყურადღება რიგითი თბილისელის ემოციურმა წერილმა მიიპყრო, რომელიც საერთო სარგებლობისთვის განკუთვნილი, აბანოს დახურვის საშიშროებას უკავშირდება.
Kalaki.ge-ს თბილისის მკვიდრი ალექსანდრა რაქვიაშვილი დაუკავშირდა, რომელიც ე.წ „მირზოევის“ საერთო აბანოს გაუქმებასა და ნომრებად გადაკეთებაზე წუხილს გამოთქვამდა.
„გავიგე, რომ საერთო აბანოს გაუქმება უნდათ და ნომრებად გადაქცევა. მე თვითონ მთელი ცხოვრება დავდივარ გოგირდის აბანოში, როგორც კი ეს ინფორმაცია წავიკითხე, მირზოევის აბანოში მექისე ციალას დავურეკე და ვიკითხე, სიმართლეა თუ არა და ჯერ არ ვიცითო, აქ ყველა გაგიჟებას არისო.
თბილისელებისთვის ძალიან დიდი ღირებულება აქვს გოგირდის აბანოს. ეს ერთგვარი რიტუალია, არაფერი რომ აღარ ვთქვათ იმაზე, რომ გოგირდის წყალი და მთელი პროცედურები ძალიან სასარგებლოა კანისთვის და ორგანიზმისთვის.
თვითონ იქაური ატმოსფერო ერთადერთი ადგილია, რომელიც გაჟღენთილია იმ ძველი თბილისის სულით, რაც იყო სეიდაბადში.
იქ მუშაობენ სხვადასხვა ეროვნების ხალხი, აზერბაიჯანელები ძირითადად, რომლებიც 4 თუ 5 ენას ფლობენ – ქართულს, აზერბაიჯანულს, რუსულს, სომხურს, ზოგი ქურთულს და აისორულს.
ქალები მოდიან, ბანაობენ, იტარებენ სხვადასხვა პროცედურებს – ქისა, მასაჟი, აუზში ჩაწოლა, მერე ურთიერთობენ და არავის არსად ეჩქარება. ახლა ამას თუ გააუქმებენ – ეს ყველაფერი დაიკარგება, მთელი ეს რიტუალი და ურთიერთობა.
ნომერი რა არის? – შეხვედი მარტო, უცენ იბანავე და 1 საათში ისტერიულად გიკაკუნებენ კარზე. შენც სწრაფად იცვამ და გამორბიხარ. ამიტომ, ვერაფერი შეედრება საერთო აბანოს.
ჩემს ბავშვობაში ჩაისაც სვამდნენ საერთო აბანოში ე.წ. „რვიანებიდან“. ბებიას დავყავდი საერთო ჭრელ აბანოში. მე 1984 წელს დავიბადე, ახლა 39 წლის ვარ.
პროცედურებს რაც შეეხება, აბანოში რომ შედიხარ, ჯერ უნდა დადგე ცხელი ცყლის ქვეშ ან აუზში ჩაწვე და კარგად “დალბე”. ამის შემდეგ მექისე მოდის და ქისით გწმენდს. ფაქტობრივად, კანს გაძრობს. ეს არის ჩვენი თბილისური, ძველებური პილინგი. ახლა რომ პილინგზე დარბიან და კანის გაახალგაზრდავებაზე, ეგენი სად იყვნენ, როცა ჩვენთან უკვე საუკუნეები არსებობდა ეს პროცედურა. ამის შემდეგ ისეთი გამოდიხარ აბანოდან, თითქოს გუშინ დაიბადე.
ჰოდა აი ახლა მითხარით, 1 საათში რა უნდა მოასწროს ადამიანმა, თუკი ნომრებად გადააქცევენ ამ ყველაფერს? თან ნომერში არც სივრცე არაა და არც ურთიერთობა. ისტორიული ღირებულება კი ისაა, რომ საერთო აბანოში, ეროვნებას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა“. – აღნიშნა ალექსანდრა რაქვიაშვილმა.
ე.წ „მირზოევის აბანოს“ დღეს „ფანტაზია და დედოფლის აბანოს“ ეძახიან. ის გრიშაშვილის 11 ნომერში მდებარეობს. შენობა კი 700 წელზე მეტს ითვლის. მისი ხიბლი ზუსტად მის სიძველეში მდგომარეობს.
არის თუ არა აბანოს გადაკეთება თბილისური ურთიერთობების დასასრული და რა ბედი ელის საერთო აბანოს? – ამ კითხვით აბანოს ადმინისტრაციას მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ საერთო აბანოს ისტორია დასრულდა. ახლა აქ ნომრები იქნება წარმოდგენილი, რომლის ფასიც 20 ლარიდან დაიწყება.