თბილისში, უძრავი ქონების ბოლო სტატისტიკის მიხედვით რაოდენობრივად მეტი ძველი ბინა გაიყიდა
"თი ბი სი" სტატისტიკის ახალი მიმოხილვის მიხედვით, დედაქალაქში ახალი ბინების გაყიდვები 22%-ით, ხოლო ძველი 20%-ით არის შემცირებული.
დოკუმენტის მიხედვით, თბილისში ივნისში სულ 621 ახალი და 2 282 ძველი საცხოვრებელი ბინა გაიყიდა.
„საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წინა წელთან შედარებით 1.8%- ით შემცირდა, ხოლო ძველი ბინებისთვის 1.5%-ით გაიზარდა. 2024 წლის მაისთან შედარებით ფასები თითქმის უცვლელი დარჩა“, – ვკითხულობთ კვლევაში.
კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისში 1 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საშუალო ფასი ახალ პროექტებში 1 027 დოლარს შეადგენდა, ძველში კი 1 238 დოლარს.
„2024 წლის ივნისში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვებმა მთლიან ტრანზაქციებში კვლავ ყველაზე დიდი წილი დაიკავა (43%). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 4% შეადგინა. ამავე პერიოდში, მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 22%-ს მიაღწია და წლიურად 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.