თბილისში სასწრაფოს 63 თანამშრომელია გათავისუფლებული-ვინ და რატომ გამართა საპროტესტო აქცია
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგ ცენტრთან, სასწრაფოში დასაქმებული ექიმებისა და მძღოლების ნაწილმა პროფკავშირებთან ერთად, საპროტესტო გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვით გადამზადების შემდეგ გამოცდაზე ჩაჭრილი თანამშრომლებს ათავისუფლებენ. დასაქმებულები ასევე ცენტრისგან დასაქმებულთა პროფკავშირული ნიშნით დევნის შეწყვეტას ითხოვენ.
მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი განმარტავს, რომ გამოცდები არასწორად ტარდება და კითხვის ნიშნის ქვეშ არა დასაქმებულთა, არამედ ტრენერთა კომპეტენცია უნდა დგებოდეს. ის იმასაც ამბობს, რომ გამოცდაზე შესული 15 ადამიანიდან პირველ ნაკადზე ყველა ჩაიჭრა, ხოლო მეორე ნაკადზე 14.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ – სასწრაფოს მანქანებს გააჩერებენ, პირს ამოიკერავენ და იშიმშილებენ.