მოზარდებმა თბილისში ერთი და იგივე მაღაზია ორჯერ გატეხეს-სოციალურ ქსელში შემთხვევის ამსახველი კადრები ვრცელდება
თბილისში, მოზარდების მიერ მაღაზიის გაძარცვა ახალი არაა, ყველაფერი აღბეჭდილია კადრებზე თუმცა, სამართალდამცავებს კანონის მიხედვით, მოზარდების დაკავების უფლება არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის იანვრიდან ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის მინიმალურ ასაკად 14, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის – 16 წელი განისაზღვრა. კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ, როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული. მოზარდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა. განრიდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას გულისხმობს და სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმად ითვლება, რომლის მიზანი არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებაა.