Galt & Taggart-თბილისში $3 მლრდ-ის ღირებულების ბინები გაიყიდა
2023 წელს თბილისში 2.9 მლრდ დოლარის ღირებულების 39,949 ბინა გაიყიდა- ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2023 წლის შეჯამებაშია აღნიშნული.
„2023 წელს ტრანზაქციების კლება მთლიანად განპირობებული იყო მეორადი ბაზრის 13.5%-იანი წლიური შემცირებით, რადგან პირველად ბაზარზე გაყიდვების პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა და წლიური 1.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მეორად ბაზარზე მოთხოვნის შემცირება ძირითადად მიგრანტების ეფექტის შესუსტებას და ქირის დასტაბილურებას ასახავს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს 2022 წელს მეორად ბაზარზე გაზრდილ ტრანზაქციებში. ამავდროულად, 2023 წელს თბილისში გაიზარდა მშენებარე პროექტების რიცხვი, რამაც მდგრადი მოთხოვნის პირობებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ზრდის ტენდენცია განაპირობა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
Galt & Taggart-მა თბილისის საცოხვრებელი ბინების სექტორი 2024 წლის იანვარში თბილისის 13 სისტემური დეველოპერის გამოკითხვის საფუძველზე მიმოიხილა, რაც 68 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა. საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგების მიხედვით, 2023 წელს ბინების გაყიდვები დეველოპერების მიერ წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას უსვამს ხაზს.
„2023 წლის მე-4 კვარტალში გაყიდვებმა წინა სამი კვარტლის გაყიდვების საშუალო მაჩვენებელს 21.9%-ით გადააჭარბა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დასრულებული პროექტებიდან თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია, ხოლო პროექტებში რომელებიც 2026-28 წლებში სრულდება მთლიანი ბინების თითქმის ნახევარია გაყიდული“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.